სოციალური საწარმო ფრილანსერი (Social Enterprise Of Freelancers • SEF) 2019 წელს დაარსდა. მისი ამოცანა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაა, რასაც სწავლებისა და ინტელექტუალურ სფეროში დასაქმების გზით ახერხებს.
ფრილანსერი პირველი სოციალური საწარმოა საქართველოში, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში დაარსდა. საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, შოთა მარტყოფიშვილია: "ფრილანსერის გახსნის იდეა მე და ჩემს მეგობრებს შიგნით, პატიმრობისას გაგვიჩნდა, მაშინ, როდესაც თავად აღმოვჩნდით პრობლემის წინაშე. დღეს საპატიმრო დაწესებულებებში არ არის საკმარისი და შესაბამისი სამუშაო სივრცეები, სადაც პატიმრები შეძლებენ ინტელექტუალური საქმიანობით დაკავდნენ, უნარები გაიუმჯობესონ და საქმიანობაში ანაზღაურება აიღონ. იდეა CSRDG-ის დაფინანსებით განხორციელდა. დღეს დასაქმებულია 5 მსჯავრდებული, რომელიც საზოგადოებას ციფრულ მომსახურებას - ვიდეოებზე ტიტრების დადებას, ტექსტების გაციფრულებას, გრაფიკულ დიზაინს და ა.შ. სთავაზობს. ჩვენი მთავარი მიზანი - რესოციალიზაციაა; ეს პროცესი კი, ჩვენი აზრით, პატიმრობაშივე უნდა დაიწყოს. სასიამოვნო სამუშაო გარემო, შესრულებულ საქმეში მიღებული ანაზღაურება და უნარების დახვეწა, ამ მიზნისაკენ გადადგმული ნაბიჯებია. ამჯერად ჩვენი სამუშაო სივრცე მხოლოდ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოქმედებს, თუმცა ვფიქრობთ გაფართოვებაზეც და იმედია მსგავს სივრცეს დაწესებულების გარეთაც გავხსნით. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმატებები გვაქვს, ჯერ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. გვყავს 8-9 ბენეფიციარი, თუმცა მომავალში, იმედი გვაქვს რომ ცენტრებს ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გავხსნით და ჩვენს პროგრამაში გაცილებით მეტ მსჯავრდებულს შეეძლება ჩართვა"