en
ge

არაერთგვაროვანი არქიტექტურა

არაერთგვაროვანი არქიტექტურა

საქართველოს ისტორიულ-კულტურული თავისებურებებიდან და ეთნოგრაფიული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ქვეყნის არქიტექტურა არაერთგვაროვანია.

ქუთაისში დღეს აღრიცხული 300-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან ნახევარზე მეტი საცხოვრებელი სახლია. მე-19 საუკუნის შემდეგ საქართველოს კულტურულ დედაქალაქში ევროპული არქიტექტურის კვალი სჭარბობს. ცნობილია ბოლნისის გერმანული ისტორიაც. აღსანიშნავია ფოთისა და ბათუმის ისტორიული არქიტექტურაც.

თუმცა არქიტექტურული ეკლექტურობა ყველაზე მეტად ჩანს თბილისში, რომელიც ერთი, რომ სამყაროთა გზაჯვარედინზე მდებარეობს, მეორე კი - არაერთხელ დანგრეულა და თავიდან აშენებულა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, საქართველოს დედაქალაქმა სწრაფი ევროპეიზაცია განიცადა.

თბილისში არაერთი ევროპელი არქიტექტორი მოღვაწეობდა, რომლებმაც შეძლეს მათი ხედვის ინტეგრაცია ქალაქში ისე, რომ არც მისი აღმოსავლური ეგზოტიკისთვის ევნოთ და ინდივიდუალობაც შეენარჩუნებინათ.

გერმანელი არქიტექტორების აშენებულია ეროვნული გალერეის, კლასიკური გიმნაზიის, თბილისის საკრებულოს და სხვა არაერთი შენობა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქაშვეთის ეკლესია, რომელიც ძველი ეკლესიის ადგილას, ასევე გერმანელის - ლეოპოლდ ბილფელდის ესკიზების მიხედვითაა აგებული. მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიაში და შესაბამისად საქართველოშიც, ევროპული რენესანსულ-ბაროკოს სტილი გამეფდა. ამიერკავკასიის მთავარ ქალაქ - თბილისში, პოლონელი არქიტექტორი - ალექსანდრე შიმკევიჩი მოიწვიეს, რომელიც ქალაქის მთავარი არქიტექტორის გარდა, პედაგოგის როლსაც ასრულებდა და ლექციებს კითხულობდა.

სწორედ შიმკევიჩის აშენებულია დღევანდელი უზენაესი სასამართლოს შენობა (1894), შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი (1901) და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია (1904). გარდა საზოგადოებრივი შენობებისა, შიმკევიჩი საცხოვრებელ სახლებსაც აგებდა. თბილისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს - ოპერისა და ბალეტის თეატრსაც ევროპული ისტორია აქვს. თავდაპირველად ოპერის თეატრი გოლოვინის პროსპექტზე (დღევადელი თავისუფლების მოედანი) იტალიელმა არქიტექტორმა - ჯოვანი სკუდიერიმ ააგო. შენობა 1851 წელს დასრულდა და ამიერკავკასიის კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად ითვლებოდა. შენობა 1874 წელს ხანძარმა გაანადგურა. ოპერის ახალი თეატრი, რომელიც ახლაც რუსთაველის პროსპექტზე დგას, 1891 წელს დასრულდა და მისი ავტორი გერმანელი - ვიქტორ შრეტერი გახლავთ.

1921 წლის ოკუპაციამ და ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ ქალაქის დაგეგმარება შეცვალა და დროთა განმავლობაში, ინდივიდუალობას მოკლებული საბჭოთა რეალობისა და ერთფეროვნების მარწუხებში მოაქცია.

მსგავსი პოსტები