დღეს მოგიყვებით ბრაილის ქართული ელექტრონული შრიფტისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.
ბრაილის შრიფტს უსინათლო ადამიანები იყენებენ. იგი მე–19 საუკუნეში შეიქმნა, რათა უსინათლო და მცირემხედველობის მქონე ადამიანებს თითებით, ფურცელზე ამობურცული წერტილების საშუალებით შეძლებოდათ კითხვა.
ტექნოლოგიების ეპოქაში ბრაილის სისტემის განვითარების საჭიროებაც დადგა.
ბევრ ქვეყანაში უკვე გამოიყენება ბრაილის ეკრანი, რომელიც კომპიუტერთან დაკავშირების შემდეგ ეკრანზე გამოსახულ ინფორმაციას ბრაილის შრიფტით ნაწერ ტექსტად გარდაქმნის, რაც მხედველობის არმქონე ადამიანებს ინტერნეტრესურსებზე წვდომას უზრდის.
მსგავსი მხარდაჭერა ბრაილის ქართულ შრიფტს დღემდე არ ჰქონდა. ინტერნეტრესურსებისთვის კი მხოლოდ ეკრანის წამკითხველი ხმოვანი პროგრამა გამოიყენებოდა.
2022 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანისა“ და ამერიკელი ექსპერტის, ჰარის მობრის, თანამშრომლობით ეს უკვე შესაძლებელია.
„ბრაილის ქართული შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერით უსინათლო ადამიანებს ეზრდებათ წვდომა ინტერნეტრესურსებზე, საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ სხვა ინფორმაციაზე.
აქამდე კომპიუტერთან მუშაობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ეკრანის წამკითხველი ხმოვანი პროგრამის გამოყენებით. ბრაილის ქართული ელექტრონული მხარდაჭერით კი უსინათლო ადამაინებს შესაძლებლობა აქვთ, წაიკითხონ ეკრანზე მოცემული ინფორმაცია, იკითხონ წიგნები და მათთვის საინტერესო ინფორმაცია,“ – აღნიშნავს ორგანიზაცია „მარიანის“ წარმომადგენელი მარიამ მიქიაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“ დებმა – ანა და მარიამ მიქიაშვილებმა დააფუძნეს და უკვე 10 წელზე მეტია უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს. #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია