თბილისის სავიზიტო ბარათის დასახელება რომ გთხოვონ, ერთ-ერთი პირველი, ალბათ ძველი თბილისის აივნები გაგახსენდებათ, მათ შორის გუდიაშვილის მოედანზე განთავსებული ყოფილი "ლიტერატურული საქართველოს" შენობის აივანი.
გუდიაშვილის მოედანი ერთ-ერთი უიშვიათესი და უნიკალური ადგილია ქალაქში. მისი პირველი მონახაზი ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლით დათარიღებულ რუკაზე შეიმჩნევა.
მოედანზე არსებული 11 შენობიდან 8-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
არასწორად დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოედანს რამდენიმე წლის წინ საფრთხე დაემუქრა. სწორად ამ საფრთხეებს აღუდგა წინ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ტფილისის ჰამქარი, რომელმაც ცირა ელისაშვილის მეთაურობით არაერთი აქცია დაგეგმა, ჩაატარა და მრავალი გადატანილი ბრძოლის შემდეგ, შეძლო გუდიაშვილის მოედნისთვის და ხის ავთენტური აივნებისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნება.
„ტფილისის ჰამქარი“ იმ ფასეულობების გარშემო ერთიანდება, რომლებიც, როგორც წესი საკუთარი ქალაქის მოყვარე ყველა ადამიანს აერთიანებს. "ჰამქრელების" ხედვა ასეთია: ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა დაცული უნდა იყოს; შესაბამისად, მოდერნიზება და განვითარებაც ამ მემკვიდრეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. თბილისს უნდა მართავდეს მოქალაქეების მიერ არჩეული და მათთან ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება; ამასთან თითოეული მაცხოვრებელი ჩართული უნდა იყოს ქალაქის განვითარებასა და მისი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.