1915 წელს ქუთაისში დაარსებულმა პოეტთა გაერთიანებამ შეძლო და შეავსო ის სიცარიელე, რაც ქართულ პოეზიაში ბოლო ორი დიდი პოეტის - ვაჟა ფშაველასა და აკაკი წერეთლის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა.
პროვინციულ, მდარე ხარისხისა და უგემოვნო, პრიმიტიული რითმის ამარა დარჩენილ ლექსებს პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლო მიწიშვილის, კოლაუ ნადირაძის და სხვათა სიმბოლიზმით დატვირთული მოდერნი დაუპირისპირდა. „ცისფერყანწელებთან“ დაახლოებულები იყვნენ გრიგოლ რობაქიძე, გალაკტიონ ტაბიძე და ლადო გუდიაშვილიც.
„ცისფერყანწელთა“ პოეზია იყო თამამი, ევროპული და თანამედროვე. თავად ცისფერი იყო პოეტთათვის იდუმალების, ოცნების, უსაზღვროების სიმბოლო. სიმბოლო სიკვდილის და ამავე დროს მარადიული სიცოცხლის. ცისფერი ყვავილი რომანტიკოს პოეტთა შორის ერთგვარი წმინდა გრაალის დატვირთვას ატარებდა და ამ ყვავილის ძებნა თითქოს მათი პოეზიის ამოცანა იყო.
„ცისფერყანწელთა“ პოეზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია, ე.წ. „დარიანული ციკლი“ - ლექსები, რომლებიც პაოლო იაშვილის კრებულში შევიდა და დიდხანს პოეტის ალტერ ეგოს, გამოგონილი პერსონაჟის - ელენე დარიანის შემოქმედებად ითვლებოდა; თუმცა, როგორც ჩანს, ელენე დარიანის ფსევდონიმით ამ ლექსებს არა პაოლო იაშვილი, არამედ „ცისფერყანწელთა“ მეგობარი - ელენე ბაქრაძე წერდა. ამ ვერსიას დღეს მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც. საკამათოა ისიც, თუ რამდენად ახლო იყო ურთიერთობა პაოლო იაშვილსა და ელენე ბაქრაძეს შორის.
დარიანის შემოქმედება საუკუნის დასაწყისის საქართველოში ზედმეტად ერტოტიულად და თამამად მიიჩნიეს.
"ცისფერყანწელთა" ლტოლვა დასავლეთისაკენ, მათი რწმენა, რომ ქართული კულტურა და პოეზია დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი იყო და მის წიაღში უნდა დაბრუნებულიყო, მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისთვისაც და სწორედ ამიტომ, "ცისფერყანწელთა" არაერთი წევრი ემსხვერპლა რეპრესიებს.