შოთა გუჯაბიძე, სამოქალაქო აქტივისტი: "ჩემი სამოქალაქო აქტივობა დაახლოებით იმ პერიოდიდან იწყება, როდესაც ბათუმში უკონტროლო მშენებლობების ბუმი დაიწყო.
ზოგადად, ჩემი ქალაქის არქიტექტურა და ისტორია ბავშვობიდან მაინტერესებდა. მიზიდავდა ის უცნაური შენობები, რომლებსაც ძველ ბათუმში ვხედავდი. მე და მამა ხშირად დავდიოდით ხოლმე ქალაქში. ამას გარდა, ის ხშირად მათვალიერებინებდა ძველი ბათუმის ფოტოებს. ფოტოების შეგროვებამ და მათთან დაკავშირებული ამბების მოძიებამ ნელ-ნელა გამიტაცა. ყველანაირი ფოტო მაინტერესებდა და ნებისმიერ წყაროში ვცდილობდი მათ მოძიებას. მათ შორის ძველ გაზეთებში, თუნდაც ძალიან ცუდი ხარისხით დაბეჭდილში.
ჩამოვყალიბდი კოლექციონერად და ფოტოების ისტორიების ძიებამ საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, ბათუმის მკვლევარად მაქცია.
მას შემდეგ რაც ქალაქში უკონტროლოდ დაიწყო ათასი სიმახინჯის მშენებლობა და ისტორიული მემკვიდრეობის ნგრევა, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე წინ აღვდგომოდი ამ პროცესებს.
ჯერ ერთ-ორ ადგილას დავწერე რაღაც. ხმა ამოვიღე. ამაში ისიც დამეხმარა, რომ ტელევიზიის თანამშრომელი ვარ. სოციალურ ქსელებშიც დავიწყე აქტიურობა და ბოლოს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოება ბათომი ჩამოვაყალიბეთ. ასე გავხდი სამოქალაქო აქტივისტი.
ყველა შესაძლებელი ხერხით ვცდილობთ წინ აღვუდგეთ იმ განუკითხაობას, რაც ქალაქში ხდება; იქნება ეს ქუჩის აქციები, მოქალაქეებთან შეხვედრა, თუ სხვა.
ამას გარდა საინტერესო პროექტებსაც ვახორციელებთ. გვაქვს ჩატარებული სამეცნიერო კვლევები და ვაწყობთ ხოლმე გამოფენებს".