en
ge

ეთნოგრაფიული კვლევა

ეთნოგრაფიული კვლევა

700–ზე მეტი უძრავი ძეგლი მოიკვლია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ლურჯმა ფარმა“. სხვადასხვა წყაროებისა და სატელიტური გამოსახულების –„google earth”-ის მეშვეობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ონლაინ მონაცემთა ბაზა შექმნა.

პარალელურად ორგანიზაციამ, ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრთან და დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ–ნაკრძალთან ერთად, სხვა პროექტის ფარგლებში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, აღწერისა და დოკუმენტირების მიმართულებითაც იმუშავა და ეთნოგრაფიული კვლევა მოამზადა სოფელ კეხვის შესახებ. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას ხელით ვერ შეეხები, თუმცა ის გვაძლევს წარმოდგენას თუ როგორ ცხოვრობდნენ, ერთ დროს გამორჩეულ სოფელ კეხვში ადგილობრივები.

„ლურჯი ფარის“ ინფორმაციით, კეხველებთან შეხვედრებისა და ინტერვიუების ფარგლებში გამოვლინდა ათობით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი, რომელიც მოიცავს დღესასწაულებს, ხალხურ მედიცინას, ასევე უკავშირდება ხელოსნობას, მიწათმოქმედებას და სხვა. ორგანიზაციამ, რამდენიმე მათგანის მიხედვით, ვიდეო ჩანახატიც გადაიღო. ეს ტრადიციები და პრაქტიკები იმ ადამიანთა ყოველდღიურობას, საცხოვრისს უკავშირდება, რომლებიც 2008 წელს რუსული ოკუპაციის გამო მოწყდნენ მშობლიურ გარემოს. ამ დღიდან მათი ცხოვრება, იძულებით, რადიკალურად შეიცვალა... „როცა ამ თემებზე საუბრობენ და ისხენებენ დეტალებს, ძველებური სიყვარული უძლიერდებათ. პატივს სცემენ ამ ტრადიციებს, მაგრამ უკვე, ისე ხშირად ვეღარ იცავენ. ერთმანეთისგან მოშორებით ცხოვრობენ და ერთმანეთთან სტუმრადაც იშვიათად დადიან“. 

სოფელი კეხვი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტრადიციებით. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი იყო სოფლის დღეობა, ანუ შვიდმაისობა. კეხვის ყველა მაცხოვრებელი ამ დღეს ბრუნდებოდა სახლში და მთელი სოფელი ერთად აღნიშნავდა. ჭიდაობა, თევზაობა – სოფლის მაცხოვრებლებს მთელი რიგი გამორჩეული ადათები ჰქონდათ ამ მიმართულებითაც. 

ასევე, ერთ–ერთი გამორჩეული იყო ანგელოზობა – ამ ტრადიციისთვის კეხველები საგანგებოდ ემზადებოდნენ. სპეციალურად მომზადებულ კერძებს კარადში დგამდნენ და კარს ხურავდნენ. მას ოჯახის თავი გადმოიღებდა და მთელი ოჯახი შემოუსხდებოდა სუფრას. თავდაპირველად, ტრადიცია ქალებისთვის იყო, თუმცა დროთა განმავლობაში შინაარსი იცვალა და მთელი ოჯახის – სახლის ანგელოზის ტრადიციად იქცა. 

ანგელოზობას დენვილობაშიც აღნიშნავენ კეხველები, თუმცა ბევრი მათგანი იქაურ სახლს უკავშირებს ამ ადათ–ჩვეულებას და ემოციურად უჭირს სოფელ კეხვიდან მოშორებით მისი გამართვა.

კულტურული მემკვიდრეობის ონლაინ ბაზა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

ვიდეო ჩანახატები

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები