თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. მოქალაქის მხრიდან ამ უფლების გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ვინ თუ არა მან, უკეთ იცის საკუთარი დასახლების პრობლემები და თვალყური უნდა ადევნოს, მოქალაქეების გადასახადებით შევსებული, ბიუჯეტის ხარჯვას. თუმცა, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მოქალაქეთა აქტიურობა.
მათ კი, ვინც მზად არიან გადაწყვეტილების პროცესში და ადგილობრივი საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ, უნდა იცოდნენ რა უფლებები აქვს თვითმმართველობას და რისი გაკეთება შეუძლია.
იცით რა საკითხების მოსაგვარებლად შეიძლება დაიხარჯოს თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან?
ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია ერთმანეთისგან და ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებენ სხვადასხვა საკითხებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
ინფრასტრუქტურული და კომუნალური საკითხები
- ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია;
- სოფლების წყალმომარაგება (ქალაქების წყალმომარაგებას უზრუნველყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია);
- ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება;
- მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება;
- გარე განათება - დასახლებული პუნქტების და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განათება;
- საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა - სკვერები, პარკები;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობა;
- სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა;
- ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების ადაპტირება.
სკოლამდელი განათლების საკითხები
- საბავშვო ბაღების მართვა;
- საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა.
გარემოს დაცვის საკითხები
- მუნიციპალური ნარჩენების მართვა;
- ქუჩებისა და საზოგადოებრივი ობიექტების დაგვა-დასუფთავება;
- ტერიტორიის გამწვანება;
- მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა - პოპულაციის მართვა.
სპორტთან და კულტურასთან დაკავშირებული საკითხები
- სპორტული და კულტურული სკოლისგარეშე დაწესებულებების ხელშეწყობა;
- ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება;
- მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა;
- ბიბლიოთეკების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და კულტურის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა;
- ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია.
სოციალური საკითხები
- უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია;
- ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირება და აღჭურვა;
- ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელება.
გარდა ამისა მუნიციპალიტეტს საკუთარი ინიციატივით შეუძლია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება არ არის და არ იკრძალება კანონით. ასეთია:
- ტურიზმის განვითარება;
- სოციალური დახმარება და ჯანმრთელობის დაცვა;
- ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა;
- ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა;
- მასობრივი სპორტის ხელშეწყობა;
- საზოგადოებრივი განათლებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა;
- ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენცია, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
- ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
- ინოვაციური განვითარების მხარდაჭერა და სხვ.
ვრცლად იხილეთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მომზადებული მოქალაქის გზამკვლევი: „რა უნდა ვიცოდეთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე?“