დღეს, 6 სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებ პატარა მოხალისეებზე მოგიყვებით, რომლებიც უანგაროდ ცდილობენ საკუთარ სოფელსა თუ ქალაქში პატარ–პატარა ცვლილებებს, რასაც ბევრი ადამიანისთვის მცირე, თუმცა ხელშესახები სარგებელი მოაქვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მცხეთა–მთიანეთის რეგიონული ჰაბი“, ზედიზედ მესამედ მართავს მოხალისეობის კვირეულს მცხეთა–მთიანეთის რეგიონის ცენტრიდან მოშორებით მდებარე სოფლებში. მისი მიზანია სოფლის განვითარებაში მოხალისეობის კულტურის დამკვიდრებით, ადგილობრივი თემის პრობლემის მოსაგვარებლად, ახალგაზრდების ჩართვა. მაშ ასე, პატარ–პატარა ამბები პატარა მოხალისეებისგან...
სოფელ ქსოვრისში მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და ეროვნული ბიბლიოთეკაც ერთობლივად ჩაებნენ სკოლის ბიბლიოთეკის გადასარჩენად და ახალი წიგნების შესავსებად. მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული დაზიანებული წიგნები განაახლეს, მშობლებმა ბიბლიოთეკისთვის ახალი თაროები დაამზადეს. ერთობლივად მოაწყვეს წიგნების შეგროვების აქცია სოფელში. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კი სკოლას ახალი წიგნები გადასცა.
სოფელ ახალსოფელში კი, საინიციატივო ჯგუფმა, სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად, მოხალისეობრივად, სოფლის საერთო სივრცე გაალამაზა. ძველ საბურავებს ახალი დანიშნულება მოუძებნეს – შეღებეს და მცენარეები ჩარგეს, სოფლის პატარებისთვის კი, საქანელა ჩამოკიდეს. რაც ადგილობრივი ბავშვებისთვის დიდიხნის ოცნება იყო. „გავახარეთ ბავშვები და მათთან ერთად შევძელით ჩვენი სკვერის გალამაზება... ჩვენ ყველა ერთად, ჩვენს საერთო სივრცეს უკეთესობისაკენ ვცვლით“, ამბობენ მოხალისეები.
მცხეთა–მთიანეთის ჰაბის ინიციატივით, მოხალისეთა კვირეული კიდევ ოთხ სოფელში გაიმართა.
სოფელ ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპოსტერისთვის სივრცე მოაწყვეს და აქტიურად დაიწყეს მისი მომზადება. თანაც სოფლის მოსახლეობას პრაქტიკული ინფორმაცია გაუზიარეს თუ როგორ შეიძლება კომპოსტირების საშუალებით, ორგანული ნარჩენებით სარგებელის მიღება და მისი საშუალებით ნიადაგის გაუმჯობესება.
ყაზბეგში მცხოვრებმა მოხალისეებმა – სოფელ სიონის სკვერი გაამწვანეს. გარემოს დაცვითი პოსტერები გაავრცელეს და საინფორმაციო კამპანია გამართეს.
მუხრანის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა კი, საკუთარი ხელით მოამზადეს საჩუქრები და დღის ცენტრის „მომავლის რწმენის“ ბენეფიციარ ბავშვებს გადასცეს.
ანიმაციური გმირების ფორმებში გამოწყობილმა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა მოხალისეებმა, საბავშვო ბაღის მოსწავლეებს გარემოს დაცვის თემაზე სახალისო ამბები უამბეს და ქოთნის მცენარეებით ერთობლივად მორთეს საბავშვო ბაღის ეზო.
მოხალისეობის კვირეული, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენუერის ფონდი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი“ წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს. იგი 2002 წელს შეიქმნა ახალგორში (ახალგორის ახალგაზრდული ასოციაციის სახელწოდებით), 2008 წელს რუსული ოკუპაციის შემდგომ, ორგანიზაცია და მისი წევრები იძულებით გადაადგილებულნი გახდნენ. ცვლილებები განიცადა ორგანიზაციის საქმიანობამ და მიზნებმაც – მთავარი მიმართულება გახდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით დევნილთა თემებში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო სოფლებში და რეგიონში მაცხოვრებელი საზოგადოება. #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია