en
ge

გსმენია ცხოველების სოფელ "რიჩის" შესახებ?

გსმენია ცხოველების სოფელ "რიჩის" შესახებ?

არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის იდეა 2002 წელს გაჩნდა, მაშინ, როცა "GSPSA - საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" ერთ–ერთ დამფუძნებელს, თეიმურაზ წიქორიძეს ძაღლი "რიჩი“ დაეღუპა. მან გადაწყვიტა, რომ გასაჭირში მყოფი მიუსაფარი ცხოველებისთვის - ცხოველების სოფელი "რიჩი" აეშენებინა.

ამ იდეის განხორციელებას მრავალი წელი დასჭირდა. 20 წლის შემდეგ, სანდრა ჯონსონისა და საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების სხვა წევრების ხელშეწყობით სოფელი შეიქმნა.

ამჟამად ცხოველებისთვის დაცულ საბინადრო ტერიტორიაზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმების მქონე 100-მდე ძაღლი უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ცხოვრობს.

"რიჩი" დაშორებულია დასახლებული პუნქტიდან, გარშემორტყმულია ხეებითა და ნაკადულებით, რაც ცხოველებისთვის მშვიდი გარემოს წინაპირობაა.

სოფელში განთავსებულია თბილი და კომფორტული ხის სახლები ძაღლისთვის. ტერიტორიაზე გამოყოფილია სასეირნო და გასართობი ღია სივრცეები, რაც ძაღლებს ერთმანეთთან ურთიერთობის, გართობისა და სეირნობის საშუალებას აძლევს დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

"რიჩის” სამომავლო გეგმებში გაფართოებაც შედის, რათა შეიქმნას დამატებითი სივრცეები ცხოველებისთვის. ასევე, იგეგმება ვეტერინარული კლინიკის, თავშესაფრის, საკარანტინე და პოსტოპერაციული სივრცეების აშენებაც.

 ასეთი ისტორიები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე და მის ბინადრებზე ზრუნვა, პასუხისმგებლობის გაზიარება და ჰუმანური იდეების წახალისება.

#ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები