en
ge

გულაგი

გულაგი

ქართულ დოკუმენტურ და მხატვრულ ლიტერატურაში „გულაგის“ შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. გთავაზობთ ბლოგს, რომელიც ალექსანდრე რონდელის პუბლიკაციის – „გულაგის“ – მიხედვით შეიქმნა.

კომუნისტური პროპაგანდის შედეგად თითქმის დავიწყებას მიეცა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირველ ნახევარში ჩადენილი მასობრივი დახვრეტები, შიმშილი და მილიონობით ადამიანისათვის შექმნილი მონური პირობები. ამისთვის თითქმის არავინ დასჯილა. ახლანდელი რუსეთის მმართველი ელიტა ცდილობს საბჭოთა წარსულის შელამაზებასა და კომუნისტური რეჟიმის დანაშაულების მიჩქმალვას.

ძნელია საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შესახებ მოკლედ საუბარი, დღეს მის ერთ–ერთ სასტიკ – ბანაკების სისტემაზე მოგიყვებით.

„გულაგი“ – ეს რუსული სახელწოდების – „ბანაკების მთავარი სამმართველოს“ შემოკლებული ფორმაა.

რაც უფრო მყარად იდგამდა ფეხს ბოლშევიკური რეჟიმი, მით უფრო ხშირად მიმართავდა ძალადობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რეჟიმი ებრძოდა არა მხოლოდ მათ, ვინც მას ეწინააღმდეგებოდა ან უკმაყოფილო იყო კომუნისტური დიქტატურით, არამედ აშინებდა და თრგუნავდა ყველას, რათა არავის ეფიქრა სხვაგვარად ან არ გასჩენოდა წინააღმდეგობის სურვილი.

საკონცენტრაციო ბანაკების უმეტესობა საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთით, ჩრდილო–აღმოსავლეთით, შორეულ აღმოსავლეთისა და შუა აზიის რაიონებში იყო განთავსებული. მკაცრ კლიმატურ პირობებში მდებარე ბანაკებში, 1929 წელს 23 ათასი პატიმარი იყო, 1938 წელს მათ რიცხვმა 2 მილიონს მიაღწია. ეს მაშინ, როდესაც ასი ათასობით დაპატიმრებული უკვე დახვრეტილი იყო.

„გულაგის“ ყველაზე დიდი ბანაკების რიცხვი 50-მდე იყო, თუმცა ყოველი ამგვარი ბანაკი კიდევ ათობით დაქვემდებარებული ფილიალისა და შედარებით მომცრო ბანაკისაგან შედგებოდა. ამიტომაც, დიდი და პატარა ბანაკების საერთო რიცხვი 1000-ზე მეტი იყო.

ამ ბანაკებს შორის იყო არასრულწლოვანთა 50-ზე მეტი ბანაკი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტალინის საბჭოთა კავშირში 12 წლის ბავშვის გასამართლება და დახვრეტაც კი შეიძლებოდა. დაპატიმრებული მშობლების შვილებს ხშირად ან საგანგებო ბანაკებში ათავსებდნენ, ან ბავშვთა სახლებში. შედარებით პატარებს სახელებს უცვლიდნენ, რომ მშობლები დაევიწყებინათ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, მილიონობით ადამიანის ტყვედ ჩავარდნის შემდგომ, კრემლმა „გულაგიდან“ 400 ათასზე მეტი ტუსაღი ფრონტის ხაზზე გაგზავნა. შიმშილი იყო ქვეყანაშიც და ბანაკებშიც – 1942 წელს შიმშილისა და გაუსაძლისი პირობების გამო ბანაკების ყოველი მეხუთე ტუსაღი გარდაიცვალა.

1945 წლიდან, ომის დასრულების შემდეგ, „გულაგის“ პატიმრების რიცხვი სწრაფად გაიზარდა – უცხოელი ტყვეების, შინ დაბრუნებული საბჭოთა ტყვეების, დეპორტირებული ხალხის ხარჯზე.

40–იანი წლების მეორე ნახევარში ბანაკების „ბინადართა“ ან ყოფილ ბინადართა რიცხვი 8 მილიონი ადამიანი იყო. 8 მილიონმა ადამიანმა გაიარა ეს ჯოჯოხეთი!

„ბუტუგიჩაგში სიკვდილიანობა ძალიან დიდი იყო. „სამკურნალო“ (უფრო სწორად – სიკვდილამდელ) სპეცზონაში ხალხი ყოველდღიურად იხოცებოდა. ზედამხედველი აუღელვებლად მიამაგრებდა პირადი საქმის ნომერს – უკვე გამზადებულ ნომერს, მიცვალებულს სამგან გაუხვრეტდა მკერდს სპეციალური ფოლადის ძალაყინით, რომელსაც ბინძურ თოვლზე წმენდდა და მკვდარიც „თავისუფალი“ იყო…“ – ნაწყვეტი ანატოლი ჟიგულინის წიგნიდან „შავი ქვები“.

იყო დროზე ადრე გათავისუფლების პრაქტიკაც, თუმცა ეს მცირე ნაწილზე ვრცელდებოდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ პატიმართა მასობრივი ამინისტია გატარდა, „გულაგის“ „ბინადართა“ რიცხვი ორჯერ შემცირდა.

„გულაგის“ ჯოჯოხეთი საქართველოს ათიათასობით მკვიდრმა გაიარა. მათ შორის იყო ბევრი ცნობილი ადამიანი. ქართველმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა წლები გაატარა „გულაგის“ ბანაკებში, მათ შორის აბაკან-ტაიშეტის რკინიგზის მშენებლობაზე. უფრო ადრე კუნძულ სოლოვკიზე მდებარე „გულაგის“ საგანგებო დანიშნულების ბანაკში რამდენიმე წელი დაჰყო კონსტანტინე გამსახურდიამაც.

„გულაგი“, როგორც სისტემა, 1960 წელს მოიშალა.

„გულაგის“ ისტორია არ არის სათანადოდ შესწავლილი. საბჭოთა ხელისუფლებამ მოახერხა ძალიან ბევრი ფაქტის დამალვა, დროთა განმავლობაში გარდაიცვალა უამრავი ადამიანი, რომლებსაც შეეძლოთ მოწმეებად გამოსულიყვნენ და მოეთხროთ ის საშინელება, რაც „გულაგში“ ხდებოდა. ყველაფერი გაკეთდა, რათა ადამიანთა მეხსიერებიდან წაშლილიყო „გულაგის“ შესახებ ინფორმაცია.

წყარო: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ჟურნალი – „ჩემი სამყარო“


მსგავსი პოსტები