en
ge

გაიცანით – დათა ცინცაძე

გაიცანით – დათა ცინცაძე

გვინდა დათა ცინცაძე შესახებ მოგიყვეთ, რომელიც რუსთავის ჭალის ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით მუშაობს. დათამ საქმიანობა რუსთავის ერთ–ერთ სკვერში კედრის თესლების შეგროვებით, მათი გაზრდითა და გაჩუქებით დაიწყო. 2020 წლის გაზაფხულზე ჯამში 350–ზე მეტი კედრის ნერგი გააჩუქა.

შემდგომ გადაწყვიტა, რომ ფარდულის ადგილას, რომელსაც აღარ იყენებდნენ, სანერგე აეშენებინა და სხვადასხვა ხეების თესლების თავმოყრა გაეგრძელებინა. 

პარალელურად გაუჩნდა იდეა, რომ ეზო ურბანულ კომუნალურ ბაღად გადაეკეთებინა, ანუ სივრცედ, სადაც რუსთავში გარემოს მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრებდნენ.

„2 წელზე მეტი გავიდა, რაც სანერგე ავაშენეთ და დღესდღეობით, კვირაში ერთხელ მაინც, ბავშვების მინიმუმ ერთი ჯგუფი მოდის სტუმრად (ადგილობრივი სკოლებიდან, თუ ორგანიზაციებიდან). ბავშვებთან ერთად ვსაუბრობთ რუსთავში არსებულ გამოწვევებზე - ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე, ნარჩენების მართვასა და მწვანე სივრცეების რეგენერაციაზე. სტუმრებს, ასევე ვუყვებით რა ნაბიჯები გადაიდგა უკვე ამ პრობლემების მოსაგვარებლად და იმასაც, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში. 

ამჟამად ვმუშაობთ რუსთავის ჭალის აღდგენის პროექტზე, ეს არის ქალაქის გულში არსებული ტერიტორია (სულ 320 ჰექტარი). მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირი. განსაკუთრებით დაზიანებულია მდინარის მარცხენა ნაპირი და ჩვენი სამიზნე ტერიტორიაც ესაა. ჭალას მთავარი ზიანი 90–იანების ბოლოს მიადგა, როდესაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური გაჭირვების დროს ჭალა გაიჩეხა. 

მცირე მოცულობით, დღესაც გრძელდება ტერიტორიის დაბინძურება სამშენებლო ნარჩენით. ჩვენი ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, სექტემბრამდე, ტერიტორია შემოიღობება და ამ გზით დავიცავთ მას ნარჩენებისგან. ასევე ჩლიქოვანი ცხოველებისგან, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ტერიტორიის საძოვრად გამოჩენება ტყის რეგენერაციის პროცესის მთავარი შემაფერხებელი მიზეზია. 

ამჟამად ვსწავლობთ ჭალისთვის დამახასიათებელ სახეობებს და გატყიანების პროცესში გამოვიყენებთ მხოლოდ ადგილობრივ სახეობებს როგორებიცაა: ვერხვი, ფშატი, მდგნალი, კუნელი, მუხა, ტირიფი, იალღუნი. ამ გაზაფხულზე დავიწყეთ ჭალაში არსებული ხეების თესლების შეგროვება და მათი გაზრდა. რა თქმა უნდა, მთელ ამ პროცესს პროფესიონალების მონაწილეობითა და რეკომენდაციებით წარვმართავთ. 

აქტიურად ვმუშაობთ ახალგაზრდებთან და ვგეგმავთ მოხალისეობრივი ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებენ ხეების დარგვის სამუშაოებში და ტერიტორიის მოვლა–პატრონობას ითავებენ. პროექტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, ჩართულები არიან რუსთავის მერია და მუნიციპალური სამასახურები და მათი როლიც ძალიან დიდია პროექტის წარმატებით წარმართვაში. რაც შეეხება პროექტის ფინანსურ მხარეს, ამ მიმართულებით ვმუშაობთ დონორებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო სექტორთან. 

რუსთავის ჭალა იყო და არის უნიკალური ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც იწყება კრწანისის ტყე-პარკიდან და გრძელდება გარდაბნის პარკამდე, მთლიანი ეს დერეფანი არის ველური ბუნების თავშესაფარი და ასევე გადამფრენი ფრინველების მარშრუტის ნაწილია. რუსთავის რეალობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ეკოსისტემის მოვლა რეგენერაციაზე მუშაობა, რადგან ჭალას აქვს პოტენციალი იქცეს რუსთავის სავიზიტო ბარათად და ველური ბუნების ჰაბიტატის ფუნქცია დაიბრუნოს.

ჭალის აღდგენას პირდაპირი კავშირი აქვს ნახშირის დიოქსიდის სეკვესტრირებაზე, ანუ ატმოსფეროდან მცენარეების დახმარებით ნახშირის დიოქსიდის ნიადაგში დასაწყობებაზე. გარდა ამისა, ჭალას აქვს უნარი და ფუნქცია გაფილტროს წყალი, ანუ წლების შემდეგ ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება დადებითი გავლენა მტკვრის დაბინძურების დონის შემცირებაზე. არანაკლებ მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ პროექტს პირდაპირი გავლენა ექნება უამრავი ადამიანის (რუსთავის მოსახლეობა – 130 000) ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. კერძოდ, ჭალის მოწესრიგება გავლენას მოახდენს მათი ქონების ფასების ზრდაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის დაცვსა და აღდგენაზე მუშაობა. დღეს, ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ“. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები