ერთ–ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც პირველი რესპუბლიკის მმართველობის დროს შეიქმნა – საქართველოს რესპუბლიკის წითელი ჯვრის საზოგადოება იყო.
1918 წლის 7 სექტემბერს, გაზეთი „შრომა“ იუწყებოდა, რომ 8 სექტემბერს (ენკენისთვეს), 11:00 საათზე, ქალაქის საბჭოს დარბაზში გაიმართებოდა სადამფუძნებლო კრება. განიხილავდნენ საზოგადოების წესდების პროექტს და აირჩევდნენ გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრებს.
წესდების მიხედვით, ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, 9 ადამიანისგან შემდგარი მმართველი საბჭო მართავდა, მთავარი ოფისი თბილისში იყო განთავსებული, საქართველოს მრავალ ქალაქსა და დაბაში კი განყოფილებები ჰქონდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საწევროს გადაიხდიდა, შეეძლო გამხდარიყო საზოგადოების წევრი.
საზოგადოება აქტიურად მუშაობდა მოწყალების დების თემის ჩამოყალიბებისთვის, უსახლკარო ბავშვთა მოვლისა, და რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულთა და დევნილთა, ლტოლვილთა დახმარების მიმართულებით. სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მსგავსად, წითელი ჯვარი, მართავდა საქველმოქმედო ღონისძიებებს პანსიონატების, ბავშვთა სახლების თუ გორის მიწისძვრის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად.
რუსეთის წითელი არმიის შემოჭრისას, 1921 წლის თებერვალში, წითელი ჯვარი ცდილობდა თბილისში წესრიგის დამყარებას, ხოლო მოწყალების დები, საკუთარი სიცოცხლის ფასად მხარში ედგნენ დაჭრილ და მიტოვებულ სამხედროებსა თუ მოქალაქეებს. დღემდე უცნობია, რამდენი მოწყალების და ან წითელი ჯვრის წევრი ემსხვერპლა რუსულ ოკუპაციას 1921 წელს.
ამ წლების საარქივო მასალების ნაწილი პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ ჰუმანიტარულ–საქველმოქმედო ორგანიზაციის საქმიანობის სრული სურათის ხილვაც, ამ ეტაპზე, შეზღუდულია.
#იცნობდეისტორიას, რადგან #ესქვეყანაშენია