en
ge

იუნკრების ისტორია

იუნკრების ისტორია

1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს დაესხა. 17 თებერვალს დილის 5 საათზე გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა სკოლის მსმენელებსაც დაეკავებინათ.

19 თებერვალს დაიწყო პირველი შეტაკება თბილისის აღების მიზნით. 

9-24 თებერვლის ბრძოლების დროს დაიღუპა 9 იუნკერი: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი. დაიღუპა სამხედრო სკოლის ორი ოფიცერიც: მაიორ არჯევან ანანიაშვილი და ლეიტენანტი ირაკლი თოიძე. დაიჭრა სამხედრო სკოლის 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. დაღუპულ იუნკერთა ნაწილი გოლოვინის გამზირზე, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს (დღეს ამ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობა დგას). 

ჩვენ სამი მათგანის გმირული ბრძოლის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც გადარჩენილმა და ემიგრაციაში წასულმა იუნკრებმა შემდგომში გაიხსენეს.


შალვა ერისთავი, ოთარ ლორთქიფანიძე, იოსებ ჯანდიერი 

სანამ ტაბახმელის ბრძოლის გმირი გახდებოდა შალვა ერისთავი თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე იყო. თბილისის სამხედრო სკოლაში სწავლა მან 1919 წელს დაიწყო. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლის დროს 24 წლის იყო. 

1921 წლის 24 თებერვალს, როცა წითელარმიელებმა სანგარი დაიკავეს, ღია მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკრებს ტყვიამფრქვევით უპასუხეს. იუნკერთა ასეული სიკვდილისგან შალვა ერისთავმა იხსნა. 

ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებელყო, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ. 

კონტრშეტევას მის გარდა ორი იუნკერი, ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი შეეწირა. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15 იუნკერი.

მსგავსი პოსტები