„ჯერ კიდევ მანამ, სანამ სიტყვა ფემინიზმს გავიგებდი და კიდევ უფრო ადრე, სანამ თანასწორობის იდეაზე დავფიქრდებოდი, ყველაზე მგრძნობიარე რამ, რაც მახსოვს და რაც ყოველთვის გულს ყველაზე მეტად მტკენდა, უსამართლობა იყო. თანდათან ბევრი კრიტიკული კითხვა გამიჩდა, რომელზეც პასუხის ხმამაღლა გაცემას ცოდნის გარდა, სიმართლისთვის თვალის გასწორება და გამბედაობა სჭირდებოდა. გავიდა დრო და დღესაც, ჩემთვის ყველაზე მთავარი რამ, რისთვისაც რადიკალურ და უკომპრომისო ბრძოლას ნამდვილად აზრი აქვს, ისევ სამართლიანობაა, ბრძოლა სისტემური ჩაგვრის, დისკრიმინაციის, კონტროლის და დამორჩილების წინააღმდეგ. ფემინიზმი ჩემთვის უპირველესად ქალების ბრძოლაა სამართლიანობისთვის“, - ეს ნანა ფანცულაიაა, ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ აღმასრულებელი დირექტორი.
მესამე სექტორში 90-იან წლებში მოხვდა, როცა როცა ქუჩაში მცხოვრები და მომუშვე ბავშვების პრობლემებით დაინტერესდა. როგორც თავად ამბობს, მაშინ მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი სამოქალაქო შეგნება, რომ ბევრი ხილული თუ უხილავი უთანასწორობის შესახებ ხმა აიმაღლო და გააგონო მათ, ვის ხელშიც არის ძალაუფლება. მოგვიანებით, მეგობრებთან ერთად დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარებაზე იყო ფოკუსირებული, 2005 წელს კი - „ქალთა ფონდი საქართველოში“, რომლის შექმნის მთავარი მიზეზი გენდერებს შორის ფინანსური რესურსის არასამართლიანი განაწილება იყო. ამიტომაც, ფონდი ცდილობს, ეს რესურსი უშუალოდ ქალებისა და გოგონების ხელში იყოს, მათ ინიციატივებს მოხმარდეს.
„ქალთა უფლებების დარღვევა საქართველოში ძალიან ბევრ და კომპლექსურ პრობლემასთანაა დაკავშირებული“, - ყვება ნანა ფანცულაია, - „იქნება ეს არასაკმარისი სამართლებრივი რეგულაციები, კულტურული ნორმები და მჩაგვრელი პრაქტიკები, სტერეოტიპული აზროვნება, თუ საზოგადოების ცნობიერების ჯერ კიდევ დაბალი დონე. ეს ყველაფერი, ერთობლიობაში, ხელს უშლის გენდერული, სოციალური, ეკონომიკური, თუ გარემოსდაცვითი სამართლიანობის განხორციელებას. საქართველოში კვლავ დიდი პრობლემა გვაქვს ქალთა სექსუალობის კონტროლის, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების, ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის მისი უკიდურესი ფორმის, ფემიციდის თვალსაზრისით, ასევე რთული სიტუაციაა შრომის ბაზარზე ქალების შრომითი უფლებების განხორციელებაში, გადაწყვეტილების მიღებაში ქალების სრულფასოვან მონაწილეობაში, ქალი უფლებადამცველების უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივაც“.
დღეისთვის, ფონდს გაცემული აქვს 800-მდე გრანტი, სხვადასხვა თემატური საგრანტო პროგრამით მხარს უჭერს ქალთა, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ჯგუფებს, მოძრაობათაშორის თანამშრომლობას, ფემინისტ, ქვიარ და მწვანე აქტივისტებს. ამ გრანტების მიმღებებს ბევრი წარმატება აქვთ ქალთა საკითხების ადვოკატირებაში (ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე), საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაში ფემინიზმისა და ქალთა უფლებების თვალსაზრისით, გაერომოსდაცვითი და გენდერული სამართლიანობის კონცეფციის განვითარებაში, ლბთ ქალების პრობლემებზე საზოგადოებრივი აზრის შეცვლის მიმართულებით და ა.შ.
2013 წელს, ქალთა უფლებებისა და ფემინისტი აქტივისტების ბრძოლის დასაფასებლად და მათ დასაცავად, ფონდმა დააარსა კატო მიქელაძის სახელობის პრემია, რომლითაც, უკვე რვა წელია, ქალი უფლებადამცველების საერთაშორის დღეს, 29 ნოემბერს, ფემინისტ აქტივისტებს. ახლა „ქალთა ფონდი საქართველოში“ სოფელ ალავერდში ფემინისტურ რეზიდენციას აშენებს. ორგანიზაციისთვის ამ სივრცის არსებობა პოლიტიკური აქტია. „ეს იქნება თავისუფალი, უსაფრთხო, მწვანე, ეკომეგობრული სივრცე, რომელიც მოემსახურება ქალთა უფლებების, ქვიარ და მწვანე აქტივისტებს, ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ გაიღრმაონ ცოდნა, ითანამშრომლონ, იზრუნონ ერთმანეთზე, გაძლიერდნენ და განვითარდნენ“, - ამბობს ნანა ფანცულაია.
ავტორი: მაკა ჯაიანი