დღეს მოხალისე მასწავლებლებისა და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების ამბავს მოგიყვებით.
ეკონომიკური საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტები და კურსდამთავრებულები, აშშ–ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) მონაწილეებთან ერთად კვირაში რამდენიმე საათის განმავლობაში უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ისინი პროექტ ხიდის საშუალებით მათემატიკის, ინგლისური და ქართული ენების ონლაინ გაკვეთილებზე ხვდებიან.
მოსწავლეები თუ კონკრეტულ საგნებში იმაღლებენ ცოდნას და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, მოხალისე მასწავლებლები საქარათველოს იმ კუთხის შესახებ იღებენ დეტალურ ინფორმაციას, რომელშიც მათი მოსწავლეები ცხოვრობენ. ორმხრივად ცოდნის გაზიარება კი ახალი მეგობრების შეძენით სრულდება. ციფრული კავშირი „ხიდი“, არასამთავრობო ორგანიზაციის "მაკ-ჯორჯიას" ბევრ საინტერესო პროექტს შორს ერთ–ერთია და, როგორც პროექტები „მესტუმრე“, „შუქი მოვიდა“, „მშობელთა სკივრი“ და ა.შ., ცდილობს მრავალ რესურსზე თანაბარი წვდომა მისცეს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს.
პროექტის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა ონლაინ ფორმატი პანდემიის დროს შეიქმნა, „ბევრი ეჭვობდა, რომ „ხიდი“ ვერ იმუშავებდა, რადგან ის მოხალისე მასწავლებლების მოტივაციას ეყრდნობოდა“, ამბობს პროექტ “ხიდის” დამფუძნებელი ემი სევიმლი.
დრომ აჩვენა, რომ ინიციატივა წარმატებით მუშაობს – პროექტი 7 მოხალისე მასწავლებლის მონაწილეობით დაიწყო, წელს კი 50–მდე მოხალისე მასწავლებელი საკუთარი სურვილით დაუთმობს დროს და გაუზიარებს ცოდნას 70–მდე საშუალო სკოლის მოსწავლეს.
„სასიამოვნოა, როცა უყურებ სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების შეხვედრებს, უყურებ მათ ენთუზიაზმს და ერთობლივი საქმიანობის შედეგს: მიღებულ ცოდნასა და აკადემიურ ქულებს, მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს შორის ყალიბდება“, ამბობს ემი სევიმლი.