en
ge

1921 წლის კონსტიტუცია და მისი ფასეულობები

1921 წლის კონსტიტუცია და მისი ფასეულობები

ალბათ, გსმენიათ ფრაზები „ქართველობას, ტრადიციას გვართმევენ“, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდით შექმნილი არასწორი, მცდარი მოსაზრების ამსახველი სტერეოტიპებია.

მათ გავრცელებას საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეჰყავს და შიშს იწვევს, რომ ვიღაც „გვართმევს ტრადიციას“ და თავს „გვახვევს“ მაგალითად, თანასწორი მოპყრობის, გაერთიანების, ან გამოხატვის თავისუფლების იდეას.

ისტორიული გამოცდილება კარგი საშუალებაა უსაფუძვლო შიშების და არასწორი სტერეოტიპების დასაძლევად. 

ამის საუკეთესო მაგალითია 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, დოკუმენტმა „დროს გაუსწრო“ და დღესაც კი, პროგრესულად მიიჩნევა. 

მან გააუქმა სიკვდილით დასჯა, აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას კანონის წინაშე, ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას, იცავდა რწმენის, შეკრების თავისუფლებას. ეს ის უფლებები და ფასეულობებია, რომლებიც ჩვენთვის დღესაც აქტუალური და ფასეულია. 

  • გაერთიანების თავისუფლება 

1921 წლის კონსტიტუციის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ დაეარსებინათ პროფესიული თუ სხვა ორგანიზაცია, თუ მათი მიზანი კანონით არ იყო აკრძალული. კავშირის გაუქმება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით იყო შესაძლებელი (მუხლი 35). 

  • თანასწორი მოპყრობა 

კანონის წინაშე მოქალაქეები ყველანი თანასწორნი არიან (მუხლი 16), აღნიშნულია 1921 წლის კონსტიტუციაში, რომელშიც დაკონკრეტებულია გენდერული თანასწორობა „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“ (მუხლი 39). 

საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს თანასწორ უფლებას ანიჭებდა კონსტიტუცია, რათა მიეღო სახელმწიფო, სამოქალაქო, სამხედრო და საქალაქო თუ საერობო სამსახური (მუხლი 133). საქართველოს მოქალაქე შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველ თანამდებობაზე, თუ კანონის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს (მუხლი 138). 

ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს და შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს (მუხლი 31). 

  • მშვიდობიანი შეკრების უფლება 

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, 1921 წლის კონსტიტუცია უფლებას აძლევს „მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“ (მუხლი 33). ასევე, მუშათა გაფიცვას თავისუფლად აცხადებს (მუხლი 38). 

  • გამოხატვის თავისუფლება 

მოქალაქეებს უფლება აქვს გამოთქვან თავიანთი შეხედულებები და გაავრცელონ ისინი (მუხლი 32), 1921 წლის კონსტიტუციის უზრუნველყოფილია პირადი და კოლექტიური პეტიციების უფლებაც (მუხლი 37). 

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხელობის უფლება 

კერძო მიმოწერა ხელშეუხებელია, მისი გაცნობა მხოლოდ სასამართლო დადგენილებით არის შესაძლებელი (მუხლი 29), აღნიშნულია 1921 წლის კონსტიტუციაში. 28–ე მუხლში საუბარია მოქალაქის ბინის „შეუვალობაზე“, რომლის გაჩხრეკაც, ასევე სასამართლოს დადგენილებით არის ნებადართული. ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს და მისი პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო, დაუშვებლად მიიჩნევა 1921 წლის კონსტიტუციით (მუხლი 31). 

ნუ დაუჯერებ არასწორ სტერეოტიპებს, თავად გადაამოწმე! რადგან #ესქვეყანაშენია

საქართველოს კონსტიტუცია, 1921

მსგავსი პოსტები