en
ge

მოხალისეობა და მოხალისეები

მოხალისეობა და მოხალისეები

თინათინ მესხი, სამოქალაქო ორგანიზაცია 'ჰელფინგ ჰენდის' დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენი ორგანიზაცია ფორმალურად 2009 წლიდან არსებობს.

იმ პერიოდში ქვეყანაში ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით გოგონებისთვის ძალიან მძიმე ვითარება იყო. მე, რამდენიმე ახალგაზრდასა და ამერიკელ ცოლ-ქმარს გაგვიჩნდა იდეა, რაიმე ისეთი მოგვეფიქრებინა, რაც დაგვეხმარებოდა დადებითი ცვლილებებისათვის ბრძოლაში და შესაბამისად - გააძლიერებდა საზოგადოებას.

2009 წლიდან დღემდე სწორედ მოხალისეობა იყო და არის ის ძლიერი იარაღი, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებული პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება. თავიდან არ გვქონდა ფორმალურად დაფუძნებული ორგანიზაცია და უბრალოდ ვმოხალისეობდით სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებთან. ვცდილობდით ძალიან მცირედი შესაძლებლობებით ჩვენი მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. 

ამით ვუმტკიცებდით საკუთარ თავს და ჩვენს გარშემომყოფთ, რომ არ შეიძლება ყველაფრის განმსაზღვრელი ფინანსები იყოს და რომ შენი გულწრფელი აქტივიზმით შეგიძლია შეცვალო ის, რაც არ მოგწონს. 

ასე გაჩნდა მოხალისეობის პოპულარიზაციის იდეა. 

შემდეგ უკვე დავაფუძნეთ ორგანიზაცია, რომელიც მოხალისეთა რესურს-ცენტრის ფუნქციას ითავსებს, ხელს უწყობს მოხალისეობის, როგორც ინსტიტუციის ჩამოყალიბებას და დღემდე გადის განვითარების გარკვეულ ეტაპებს. 

ჩვენი საქმიანობის დასაწყისში ადამიანებს არ ჰქონდათ წარმოდგენა რა იყო ფორმალური მოხალისეობა. ხშირად დაგვცინოდნენ კიდეც და კონკრეტული სტრეოტიპების ქვეშ განგვიხილავდნენ - მოხალისეებს, როგორც პროფესიის არმქონე და უსაქმურ ადამიანებს და ა.შ 

ჩვენი პირველი პროგრამა -'მოხალისეობა - გზა ეკონომიკური დამოუკიდებლობისაკენ' 2010 წელს შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც დევნილებსა და და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს დავეხმარეთ. ვთავაზობდით სხვადასხვა სახის ტრენინგებს, ხოლო შემდეგ ჩვენს მიერ მოძიებულ დღის ცენტრებში და სამოქალაქო ორგანიზაციებში მოხალისეებად ვუშვებდით. ბევრი მათგანი დღეს ძალიან წარმატებულია და წამყვან პოზიციაზე მუშაობს. 

მოგვიანებით დავაფუძნეთ მოხალისეთა ინკუბატორი, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩვენს ვებ გვერდზე დარეგისტრირდეს და გასაუბრების შემდეგ აქტიურად ჩაებას მოხალისეობრივ საქმიანობაში. 

ასევე, გვაქვს ონლაინ რადიო - 'ჩემი ხმა', რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას თანამედროვე მედია ტექნოლოგიების გზით. ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც მათი თვალით დანახულ პრობლემებს განვიხილავთ. 

ყოველწლიურად, თბილისში და ქუთაისში ვატარებთ მოხალისეობის ფორუმს, ვიწვევთ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს, რათა მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს.

მიხარია, რომ ჩვენთან დღითიდღე იზრდება მოხალისეობის მსურველების რაოდენობა. თუ ადრე 100 ადამიანი მოხალისეობდა, ახლა მათი ციფრი 1700-ს შეადგენს.

ღრმად მჯერა, რომ ერთმანეთის დახმარებით და თანადგომით ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია უკეთესობისკენ.


მსგავსი პოსტები