en
ge

მომავალი იწყება დღეს - ორგანიზაცია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით...

მომავალი იწყება დღეს - ორგანიზაცია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით...

„არც ერთი ადამიანი არ უნდა გარდაიცვალოს ისე, რომ საკუთარი ერის სულის მოძრაობას არ შეეხოს. არსებობს ბრაილის შრიფტი და ეს დიდი ბედნიერებაა. მაგრამ ასოს მოყვანილობის აღქმა ნიშნავს უსინათლო ადამიანის ფსიქიკაში ერთი მტკივნეულად ცარიელი ადგილის შევსებას. ამ პატარა კუბურების შიგნით იმ ორი ასოს მენტალობაა დამალული, რომელიც ამ კუბის გვერდებზე არის განთავსებული ტაქტილური სახით. განა ეს ცოტაა?!“ -  ასე აფასებს ორგანიზაციის ერთ-ერთ აქტივობას 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი, თამილა აბაშია.

მომავალი იწყება დღეს დამფუძნებელი, მარინა მამულია გვესაუბრა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე...

ქალბატონო მარინა, როგორ შეიქმნა ორგანიზაცია „მომავალი იწყება დღეს“? და რითი განსხვავდება ეს ორგანიზაცია შშმ პირებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებისგან?

ორგანიზაცია „მომავალი იწყება დღეს“ დაარსდა 2010  წელს. ამ პერიოდში, ევროპის  ქალაქების ქუჩებში,  უნივერსიტეტებში, ძალიან ბევრი უსინათლო ადამიანი შეგხვდებოდა ე.წ „თეთრი  ჯოხის“ თანხლებით, საქართველოში უსინათლო  ადამიანი აუცილებლად თანმხლებ პირთან ერთად შეგხვდებოდა. „თეთრ  ჯოხზე“ და დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

პირველი პროექტი „დამოუკიდებლობის  სისტემის  შექმნა უსინათლო და  მცირემხედველი  ადამიანებისათვის“ პოლონურ ორგანიზაცია „არი-არი“-სთან  ერთად განვახორციელეთ. პოლონურმა მხარემ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში უსინათლოთა და მცირემხედველთა რეაბილიტაციის პროცესში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეთრი  ჯოხი“, უსინათლოთა დამოუკიდებლობისა და ინტეგრაციის ერთ-ერთი სიმბოლო,  ახალგაზრდებისათვის საჭირო ატრიბუტი სწორედ ამ პროექტიდან გახდა.

ამ პროექტით საფუძველი ჩაეყარა უსინათლოთა სივრცეში ორიენტაციის სწავლებას, ინსტრუქტორის პროფესიას საქართველოში და საერთოდ, უსინათლოთა და მცირემხედველთა რეაბილიტაციის პროცესს.

ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, თქვენმა ორგანიზაციამ ლორმის ანბანი დაამკვიდრა. როგორ უადვილებს ლორმის ანბანი ყოველდღიურობას შშმ პირებს?

ჩემთვის ერთ-ერთი  ძვირფასი პროექტია. საერთაშორისო კონფერენციებზე ჩემი ყურადღება მიიპყრო ადამიანების საუბრის საოცარმა პროცესმა. ისინი ერთმანეთს ხელისგულზე რაღაცას უწერდნენ. როცა ვიკითხე, ამიხსნეს, რომ  ორი მოსაუბრიდან, ერთი ყრუუსინათლოა, მეორე კი  მისი თარჯიმანი, რომელიც ე.წ. ლორმის ანბანის საშუალებით ესაუბრება.

ლორმის ანბანი ყრუუსინათლო ადამიანებთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა,  ტაქტილური კოდი. ხელის გულზე ქართული ანბანის ყველა ასოს შეესაბამება რომელიმე  წერტილი ან ხაზი. ასევე, საჭიროების დროს გამოიყენება გარკვეული სიგნალები.

მრავალი წელი მივდიოდით ამ პროექტამდე ჩემს ყრუუსინათლო პოლონელ მეგობართან,  მათემატიკოსთან და პროგრამისტთან, გჟეგოშ კოზლოვსკისთან  ერთად. აქამდე ტერმინი  ყრუუსინათლო არ გვქონდა არც ერთ ქართულ დოკუმენტში, მიუხედავად იმისა, რომ  ისინი  ჩვენს გვერდით არსებობენ.

მოგვიყევით წიგნების გახმოვანების თანამედროვე Daisy ფორმატის შესახებ. რამდენი და რა სახის წიგნები ჩაწერეთ? ეს წიგნები სადმე საჯაროდ არის განთავსებული, ვთქვათ, ვებგვერდზე თუ სარგებლობისთვის თქვენს ორგანიზაციას უნდა დაუკავშირდეს ბენეფიციარი?

აუდიო წიგნები ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ მე-20 საუკუნის მიწურულს მათთვის ახალი ფორმატის შექმნის აუცილებლობა გაჩნდა. ადამიანისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს უსმინოს აუდიოჩანაწერს სრულად, იმისთვის, რომ კონკრეტული აბზაცი, გვერდი, სტრიქონი მოძებნოს.

ხმოვანი წიგნების ახალ ფორმატად შემუშავებული იქნა DAIS- ხელმისაწვდომი ციფრული საინფორმაციო სისტემა.

DAISY ფორმატი განსაკუთრებულად მოსახერხებელია სახელმძღვანელოების გახმოვანებისთვის, რადგან შესაძლებელია ნავიგაცია გვერდებზე, პუნქტებზე, წინადადებებზე, სიტყვებზე და რამდენიმე წამში შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი გვერდის, თავის, მონაკვეთის, ფრაზის, მაგალითის პოვნა...

აუდიოფორმატში ჩაწერილი წიგნები გადაგვყავს დეიზი ფორმატში და ვწერთ სპეციალურ  პლეერზე. უსინათლო მოსწავლეს პლეერში ჩატვირთული აქვს ყველა მისთვის საჭირო  სახელმძღვანელო, მხატვრული ლიტერატურაც. DaisyGeorgia გვერდზე განვათავსეთ თითქმის ყველა ქართული წიგნი, რომლიც აუდიოფორმატშია გადაყვანილი.

ჩაწერასთან ერთად ჩავდივართ სხვადასხვა რეგიონში და ვასწავლით პლეერის გამოყენებას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვამართონ სწავლების თაობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ DAISY-ს თავად უსინათლოები წერენ და პლეერის მოხმარებასაც ჩვენი უსინათლო სპეციალისტები ასწავლიან.

როგორც ვიცი, უსინათლო ბავშვებისთვის ქართული ანიმაციური ფილმებიც გაახმოვანეთ...

დიახ, ამ პროცესს აუდიოდისკრიპცია ქვია. უსინათლო ადამიანისათვის საინტერესოა რა ხდება  ეკრანზე თუ სცენაზე დიალოგს მიღმა. ვინაა კადრში, როგორ გამოიყურება, რა დეკორაციებია, რა ფერების და ა.შ.

გავახმოვანეთ თხუთმეტამდე ანიმაციური ფილმი და ორი მხატვრული სრულმეტრაჟიანი:  „ექვთიმე თაყაიშვილი“ და „გაღმა ნაპირი“.

უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის ხის კუბურებიც დაამზადეთ, რომელზედაც ქართული ანბანი და ქართული ბრაილის შრიფტია დატანილი. მოგვიყევით ამ აქტივობის შესახებ.

ხის კუბურები ბავშვებს ეხმარება ნატიფი მოტორიკის, ლოგიკისა და სივრცითი ორიენტაციის უნარების დახვეწაში. ზოგადად, ბრაილის შრიფტს კონსტრუქციული მახასიათებლები აქვს, რომლებიც ოპტიმალურია წერტილების ტაქტილურ აღქმაში და რომელიც დაცულია კუბურებზე.

უსინათლო ბავშვებმა ქართული ანბანი შეიძლება შეისწავლონ, როგორც მასწავლებლის  დახმარებით, ასევე, ოჯახში, მხედველი მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის დახმარებით. ისინი კი  შეისწავლიან ბრაილის ანბანს.

უსინათლო მშობელმა, რომელმაც იცის ქართული ბრაილის შრიფტი, ხის კუბურებით შეიძლება ქართული ანბანი თავის პატარას ასწავლოს, სისწორე კი აკონტროლოს ბრაილის შრიფტით.

კუბურები საინტერესოა სპეციალური პედაგოგებისათვისაც, რომლებიც მუშაობენ უსინათლო ბავშვებთან.

როგორ შეასწავლეთ უსინათლო პირებს ხელმოწერა?

დაბადებიდან უსინათლო ადამიანი წერა-კითხვას ბრაილის შრიფტით სწავლობს. მათ, ვისაც მხედველობა მოზრდილ ასაკში  გაუუარესდათ, ბევრ სხვა უნართან ერთად ანბანის აღქმის  უნარიც დაკარგეს. ამიტომ ბევრი მათგანი ვერ აწერს ხელს სხვადასხვა დოკუმენტაციას  და უამრავ პრობლემას აწყდება.

კუბურების პარალელურად უსინათლოებს გადავეცით სპეციალური ხელის მოსაწერი ფირფიტები, რომლებიც ხელმოწერის შესწავლის შემდეგ მათ გაუადვილებს ხელის მოწერის  პროცესს.

რა გეგმები აქვს ორგანიზაციას?

დღის წესრიგში  რჩება პროექტები, კონფერენციები, ტრენინგები, რომლის განხორციელებაც პანდემიის გამო ვერ მოვახერხეთ. გველოდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ჩვენც ველოდებით ჩვენს მეგობრებს და კონსულტანტებს, ვაგრძელებთ მუშაობას და მზად ვართ თანამშრომლობისთვის.


ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე

მსგავსი პოსტები