en
ge

რას გვიამბობს ეროვნულ გმირებზე თბილისის ქუჩები

რას გვიამბობს ეროვნულ გმირებზე თბილისის ქუჩები

ქუჩებს თავისი ისტორია აქვთ, ზოგიერთი ერთნაირი დასასრულით: რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი, სამშობლოს შეწირული გმირი.

მარო მაყაშვილი – 1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე, მარო წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვლას, იგი რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი დაიღუპა. 

ჟიული შარტავა – 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. 

ქაქუცა ჩოლოყავშვილი – 1921 წელს იბრძოდა რუსეთ–საქართველოს ომში, ებრძოდა საბჭოთა რუსეთს საქართველოს დაპყრობის შემდგომაც – 1921–1924 წელს ხელმძღვანელობდა პარტიზანულ მოძრაობას, იძულებული გახდა საფრანგეთში, ემიგრაციაში წასულიყო, სადაც 1930 წელს გარდაიცვალა. 

ამბროსი ხელაია – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1921-1927 წლებში. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ამბროსი იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენისათვის, რის გამოც 1905 რუსეთში გადაასახლეს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1921 წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლის 7 თებერვალს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. 1922 წელსვე ამბროსი დაპატიმრეს და 1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“ 1927 წელს ჩამოაცილეს ეკლესიის მართვას. იმავე წლის 23 მარტს ამბროსი ხელაია გარდაიცვალა. 

ექვთიმე თაყაიშვილი – საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველო დატოვა. იგი ათეულობით წლების განმავლობაში პატრონობდა საქართველოს ეროვნულ განძს, რომელიც მისი დამსახურებით გადაურჩა დაკარგვას და გაფანტვას. საბოლოოდ განძი საქართველოს დაუბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული ექვთიმე აღადგინეს თსუ–ში პროფესორად, თუმცა 1951 წლიდან მისი შევიწროვება დაიწყო: დააპატიმრეს მისი შვილობილი, ხოლო ექვთიმე გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან. რასაც ვერ გაუძლო და უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. 

მერაბ კოსტავა – დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. ტრაგიკულ დაღუპვამდე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს, საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 

#გადაიაზრეისტორია რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები