მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ოჯახში არსებული სიდუხჭირის დაძლევისა და დასაქმების ერთ–ერთ გზად – შრომითი მიგრაცია აირჩია. კვლევები ამ მიმართულებით ცოტაა. თუმცა „სხვადასხვა მონაცემებით დასტურდება, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების 40%–ის ოჯახების ერთ–ერთი წევრი შრომით მიგრაციაში იმყოფება“, ნათქვამია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის კვლევაში, რომელიც ბავშვებზე მშობლების შრომითი მიგრაციის გავლენას იკვლევს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემები – 2021 წელს, ემიგრაციაში წავიდა 99 974 ადამიანი .
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის კვლევის (2019) შედეგებით, იმ ოჯახების თითქმის ნახევრისთვის (46%), რომელთაც ერთი წევრი მაინც ჰყავს ან ჰყოლია საზღვარგარეთ, იგი ძირითადი მარჩენალი იყო ან არის. ხოლო გამოკითხული ოჯახების ნახევარზე მეტი (57%) სისტემატურად იღებს ან იღებდა ფინანსურ დახმარებას საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრისგან.
საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაწილი აღნიშნავს, რომ დასაქმებიდან მიღებული ანაზღაურება ოჯახის საბაზისო და შვილის განათლებისთვის აუცილებელ საჭირობებებს მეტ–ნაკლებად აკმაყოფილებს. თუმცა, „ქვეყნის დატოვება დიდ გავლენას ახდენს როგორც თავად შრომით მიგრანტებზე, ისე მათ ოჯახის წევრებზე“.
არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ შრომითი მიგრანტების შვილები, ხშირ შემთხვევაში, ცვლილებებისა და გამოწვევების წინაშე დგებიან, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის კვლევის მიხედვით, ეს გამოწვევები „მნიშვნელოვნად აზიანებს არასრულწლოვანთა ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ხელს უშლის მათ მრავალმხრივ განვითარებას“.
შრომით მიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებაზე მშობლები შვილებთან საუბრისას ზოგჯერ ახსენებენ, რომ ამ ნაბიჯის ერთ–ერთი განმაპირობებელი თავად ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რაც არასრულწლოვნებს დანაშაულის განცდას უჩენს.
კვლევაში ჩართული არასრულწოვნები აღნიშნავენ, რომ მშობელთან განშორების შემდეგ განიცდიან სტრესს, რაც გამოიხატება ხასიათის ცვლილებაში, მომატებულ შფოთვასა და აგრესიულ ქცევაში.
ასეთ ოჯახებში შვილებზე აღზრდისა და ზრუნვის პასუხისმგებლობა მეორე მშობელზე, ან ბებია–ბაბუაზე გადადის. ამ ცვლილების შეგუებას, ზოგ შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც ემატება, შესაბამისად იცვლება გარემო – სკოლა, თანატოლთა წრე. რაც, შესაძლოა, ბავშვის ფსიქოემოციური მდგრადობისთვის დამატებითი რისკი გახდეს.
„თავიდან ... განვიცდიდი, ვიყავი ბებიასთან და ბიცოლასთან, მაგრამ სიცარიელეს..., სიმარტოვეს ვგრძნობდი, შეგუების პერიოდი მქონდა... ჩავიკეტე... ბევრს არ ვლაპარაკობდი... რამეს რომ მკითხავდნენ, ვპასუხობდი და ეგ იყო“ (არასრულწლოვანი).
სოციალური მუშაკების შეფასებით, შრომითი მიგრანტების ბავშვების მზრუნველები ნაკლებად არიან ინფორმირებული ბავშვის აღზრდის თანამედროვე მეთოდების შესახებ და მათი ცოდნა ძირითადად საკუთარი გამოცდილებით შემოიფარგლება, რაც ხშირად არ არის საკმარისი, რომ ეფექტურად შეასრულონ ვალდებულებები.
წლების განმავლობაში, ოჯახის წევრები ერთმანეთთან კარგავენ მყარ ემოციურ კავშირს, რაც ხელს უწყობს დამოკიდებულების გაციებას, გაუცხოებას.
შრომითი მიგრანტების უმრავლესობა ქალია. რესპოდენტები ამის მიზეზად უცხოეთში მოთხოვნად სამუშაოზე აპელირებენ, რაც, რატომღაც მხოლოდ მდედრობითი სქესის საქმიანობასთან არის გაიგივებული. მაგალითად, ხანდაზმულის მოვლა, საოჯახო საქმეების შესრულება, სახლის დალაგება.
არასრულწლოვანის დედასთან ხანგრძლივი დაშორება გაცილებით სტრესულია. ამას რესპოდენტები დედებთან შვილების ძლიერი ემოციური კავშირით ხსნიან.
შრომით მიგრაციაში ჩართული პირების უმრავლესობა აპირებს დაბრუნებას, თუმცა, როდის მოახერხებენ – გაურკვეველია. ეს დამოკიდებულია, ძირითადად, მათი შვილების შემდგომ საჭიროებებსა და ოჯახის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.