ფიქრია ბარამიძე – 25 წლის ახალგაზრდა გურიიდან. იგი ხშირად ამბობს, რომ ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია – ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ისწავლა, ცხოვრობს და მუშაობს დამოუკიდებლად.
საკუთარი თავი სხვანაირად ვერც კი წარმოუდგენია.
ამაყია, რომ საზოგადოებას აზრი შეაცვლევინა, რადგან უარი თქვა შშმ პირებისთვის საჭირო სერვისებით სარგებლობაზე. მაგალითად დამხმარე ასისტენტზე, ეროვნულ გამოცდებზე გამარტივებულ ტესტებზე, გამცილებელზე...
საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ ახალი შესაძლებლობები დაანახა, რაც ფიქრიასთვის მოტივაცია აღმოჩნდა, რათა დაეწყო ზრუნვა და მუშაობა შშმ პირების უფლებების დასაცავად. „ჩემი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები გავაძლიერო, რათა მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ბარიერების მიუხედავად, დაიმკვიდრონ თავი“.
ფიქრია ფიქრობს, რომ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი და თანაბარი გარემოს შესაქმნელად. ფიქრია 2020 წლიდან იცავს შშმ პირების უფლებებს და დღეს ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ხელმძღვანელობს.