„რუსულ კანონად“ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის კანონად ქცევა რევოლუციური ნაბიჯის ტოლფასია, რომელსაც უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ინიციატივა ყველას და ყველაფერს ეხება – რიგით ადამიანებს, სამოქალაქო სექტორს, მედიას, ქვეყნის ევრო–ატლანტიკურ კურსზე და პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას ახდენს. პრაქტიკულად, ქვეყანას სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დატოვების და ევრო–ატლანტიკური სივრციდან გაქრობის პერსპექტივას უქმნის.
საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელსაც ერთი წლის წინათ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მიღება ჰქონდა გადაწყვეტილი, სამოქალაქო საზოგადოების მკაფიო რეაქციის შემდეგ, უკან გაიწვია იგი და პირობა დადო, რომ აღარ შემოიტანდა საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად. ერთი წლის შემდეგ, ქვეყანა კვლავ „რუსული კანონის“ მიღების საფრთხის წინაშეა.
სანამ კანონად ქცევის შემთხვევაში მისგან გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე ვისაუბრებთ, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსაზრება – თითქოს კანონპროექტი არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის მიზნით შეიქმნა და ევროპული და ამერიკული კანონების ანალოგია – უბრალოდ, მცდარია.
არასამთავრობო სექტორის საქმიანობას არაერთი საკანონმდებლო აქტი უკვე არეგულირებს და გრანტის ხელშეკრულების ხელმოწერიდან მის დასრულებამდე საქმის კურსშია საგადასახადო სამსახური, გრანტის გამცემი პირი და ასევე, დიდი პროექტი, დასრულების შემდგომ, აუდიტორულ შემოწმებას გადის.
ასე რომ, საგადასახადო სამსახური საქმის კურსშია, ფინანსთა სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლია ინფორმაციის გამოთხოვა ნებისმიერ გრანტზე თუ დოკუმენტზე. შესაბამის უწყებებს, საჭიროების შემთხვევაში არსებულ კანონმდებლობაში დამატებით ერთი ინიციატივით შეეძლოთ მიემართათ საკანონმდებლო ორგანოსთვის და მოეთხოვათ „მეტი“ გამჭვირვალობა. მსგავსი წინადადების მაგივრად მივიღეთ მმართველი გუნდის ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური ინტერესების გამტარებელ სუბიექტებად წარმოჩენას ისახავს მიზანს.
მავანი იკითხავს ვინ აცხადებს არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო კონკურსებს და გასცემს მას?
საუბარია იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა დახმარების დაახლოებით 90%–ი სამთავრობო პროგრამების დახმარებას ითვალისწინებს, ანუ ბიუჯეტის დახმარებას. მარტივად რომ გითხრათ ესენი არიან ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანას სხვადასხვა დახმარების, გრანტის, შეღავათიანი კრედიტის სახით ხელს უწყობენ, რაც თავის თავში მოიაზრებს – გზების დაგებას, სკოლების, საავადმყოფოების შეკეთებას თუ ახლის აგებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერირებისთვის თანხების უზრუნველყოფას, საქართველოს ჯარისთვის, პოლიციისთვის სათანადო მომზადებას, სტუდენტების და ახალგაზრდების განათლების უამრავ შესაძლებლობას ა.შ.
ფაქტ–მეტრი, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მხოლოდ ევროგაერთიანებისგან გრანტის სახით საქართველოს მთავრობას (1992–2022 წწ.) მიღებული აქვს 791.71 მლნ. ევრო. აშშ–ის დახმარებების შესახებ ამერიკის საგარეო დახმარების ვებ–გვერდზეც შეგიძლიათ იხილოთ. უფრო მეტიც, საერთაშორისო დონორების ხელშეწყობით უწყებათშორისი გვერდია შექმნილი, სადაც საერთაშორისო დახმარების (კრედიტი, გრანტი) შესახებ ინფორმაცია თავსდება და ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს თავად ნახოს საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაცია – eaims.ge
თავდაპირველად კანონის ინიციატორები, ისევე როგორც შარშან, წელსაც, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ იგი აშშ–ში, კანადაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არსებული კანონების ანალოგია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტარების, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საგარეო უწყებებმა თუ ხელმძღვანელებმა ცალსახად განაცხადეს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელი იყო ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ღირებულებებთან და რა თქმა უნდა, კანონმდებლობასთან.
არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრმა (ICNL), რომელიც ამ სფეროში წლებია მუშაობს და მსოფლიოში გავლენიან ორგანიზაციად ითვლება, აცხადებს, რომ ქართული კანონპროექტი არის იმ კანონების მსგავსი, რომლებიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციისკენ.
ორგანიზაცია აღნიშნულ პროექტს მიაკუთვნებს იმ ჯგუფს როგორიცაა რუსული უცხოური აგენტების კანონი (2012), ყირგიზული კანონი უცხოურ წარმომადგენლობებზე (2024), არასამთავრობო ორგანიზაციების კანონი ისრაელში (2016), სალვადორის რესპუბლიკის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ (2012), არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ გაუქმებული კანონი უნგრეთში (2017) და კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ სერბეთში (2024).
არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL) ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ზემოთნახსენები კანონები და საკანონმდებლო ინიციატივები განსხვავდება სხვა კანონებისგან, მათ შორის ევროკავშირში (ინიციატივა), აშშ–ში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და სხვაგან არსებული კანონებისგან. ეს უკანასკნელნი მიმართულნი არ არიან კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, არამედ ფოკუსირებულია უცხოელი ინდივიდებისა და უცხო მთავრობების სახელით განხორციელებული კონკრეტული ტიპის აქტივობების გამჭვირვალობისკენ.
რა მოიტანა რუსულმა კანონმა რუსეთში? კანონმა გააქრო პრაქტიკულად ყველა ორგანიზაცია, რომელსაც გარკვეული წარმატება ჰქონდა. 2012 წელს მიღებული კანონი მხოლოდ არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხებოდა. დღემდე ბევრი ცვლილება შევიდა და იმ სუბიექტების სია ბევრჯერ გაფართოვდა. ალიონა ვანდიშევა, რუსი მკვლევარი და აქტივისტი ამბობს, რომ დღეს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობაც კი შეიძლება გახდეს უცხოეთის აგენტის სტატუსის მინიჭების წინაპირობა.
კანონის მიღება რა შედეგებს მოიტანს საქართველოში? 29 აპრილს გამართულ აქციაზე მმართველმა გუნდმა ღია ანტიდასავლური პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მთავარ მიზანს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და ხელისუფლებაში კვლავ აგენტების დაბრუნება წარმოადგენს.
მმართველმა პარტიამ, პრაქტიკულად, დააანონსა ცენზურა და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობა, აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებაში: „დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული “გამჭვირვალობა”, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა“.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ „აგენტების კანონი“ დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.
ევროკავშირის არაერთი მაღალჩინოსნის მსგავსად, შეერთებული შტატების ორპარტიული სენატორთა ჯგუფმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა, რომლებიც „ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო არტერიაა“. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.
მმართველი პარტია აგრძელებს კანონპროექტის განხილვას და მისი მიღების შემთხვევაში შედეგები თითოეულ მოქალაქეს შეეხება:
ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეწყვეტენ ფუნქციონირებას. შესაბამისად მოქალაქეები – პენსიონერები, ახალგაზრდები, შშმ პირები, ქალები, ბავშვები, დევნილები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, დღის ცენტრების მომსახურებას, საგანმანათლებლო პროგრამებს, მცირე მეწარმეობისა თუ სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ პროგრამებს. ..