„რუსული კანონის“ სახელით ცნობილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზნად, განმარტებით ბარათში მითითებულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაზრდა, თუმცა, მისი რეალური მიზანია არასამთავრობო სექტორის და მედიის დისკრედიტაცია, შემდგომი დაზიანება და მათი საარსებო გარემოს დამძიმება. რაც თავის მხრივ, შეაფერხებს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებულ საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნების განხორციელებას - გახდეს ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოჯახის ნაწილი. ამას ცხადჰყოფს კანონპროექტის შინაარსი, საპარლამენტო განხილვები და მმართველი ძალის წარმომადგენლების განცხადებები და ქმედებები.
არასამთავრობო სექტორის საქმიანობა და ფინანსები გამჭვირვალეა, რაც ერთი მხრივ, რეგულირდება უამრავი საკანონმდებლო აქტით, ხოლო მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ დონორის მიერ დადგენილი რეგულაციებით. ეს რეგულაციები ითვალისწინებს ფინანსური და ოპერაციული გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და სანდოობის მაღალი სტანდარტებს, რაც თავის გამორიცხავს დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის მხრიდან უკანონო და სარისკო ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას. გარდა ამისა, შესაძლო კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაზე რეაგირებისთვის საქართველოში უკვე მოქმედებს შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმები.
ანგარიშვალდებულების უკვე არსებული სტანდარტების მიუხედავად, თუ მეტი გამჭვირვალობის საჭიროება დგას, შესაძლებელია ამ სექტორის საქმიანობის მარეგულირებელ სხვადასხვა აქტში დამატებითი მოთხოვნების დაწესება. თუმცა, როგორც აღინიშნა მმართველი ძალის რეალური მიზანი სხვა არის - უცხოური დაფინანსების მქონე ყველა ორგანიზაცია, დაფინანსების მიზნის და დაფინანსების გამცემი სუბიექტის მიუხედავად, აღიაროს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად.
საქართველოში უკვე მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების მრავალი მექანიზმი. სახელმწიფოს აქვს ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის, შემოსავლების, გაწეული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ.
1.არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნების, დამფუძნებლების და მის ხელმძღვანელობაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია შეიტანება მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში. რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. რეესტრში აისახება ისეთი მონაცემები როგორებიცაა: სახელწოდება და საქმიანობის მიზანი; მისამართი; დამფუძნებლების/პარტნიორების საიდენტიფიკაციო მონაცემები; ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა საიდენტიფიკაციო მონაცემები. რეესტრში ასევე აისახება ორგანიზაციის წესდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
წყარო: 1) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში - https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179 2) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 3) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი; 4) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N797 ბრძანება.
2.სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველწლიურად ადგენს ფინანსურ ანგარიშგებებს. ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგება შეიცავს ინფორმაციას ორგანიზაცის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები ვალდებული არიან ყოველწლიურად მოამზადონ კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგებები. ფინანსურ ანგარიშგებაში აღწერი¬ლია სა¬ან¬გა¬რიშ¬გე¬ბო პე¬რი¬ოდ¬ში მომ¬ხდა¬რი ყვე¬ლა სა¬მე¬ურ¬ნეო ოპერაციისა და მოვ¬ლე¬ნის ფი¬ნან¬სუ¬რი შე¬დე¬გი, რომ¬ლე¬ბიც დაჯ¬გუ¬ფე¬ბუ¬ლია მა¬თი ეკონომიკური მახა¬სი¬ა¬თებ¬ლე¬ბის მიხედ¬ვით - ფინანსური ან¬გა¬რიშ¬გე¬ბის ელე¬მენ¬ტების მიხედვით. ფინანსური ანგარიშგება შეიცავს ინფორმაციას ორგანიზაცის შემოსავლებისა (გრანტები, საწევრო შენატანები, შემოწირულობები და სხვა) და ხარჯების (ტრანსპორტის ხარჯი, პერსონალის ხელფასი, შეხვედრების და პრეზენტაციები და სხვა) შესახებ, შემოსავლებისა და ხარჯების სახეებისა და ტიპების მიხედვით, მათ შორის პროექტების მიხედვით.
წყარო: 1) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; 2) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 ივნისის Nნ-9 ბრძანება.
3.საქველმოქმედო ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს ყოველწლიურად წარუდგენენ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს, აგრეთვე დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ დოკუმენტებს.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციების შესახებ მოქმედებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სსიპ - შემოსავლების სამსახური. რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ერთიან რეესტრში შეიტანება ინფორმაცია ორგანიზაციის ძირითადი მიზნების, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესახებ და ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე სუბიექტები, ვალდებულნი არიან ყოველ წელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანგარიშები. კერძოდ: ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას; ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით; გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).
წყარო: 1) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; 2) საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი - https://www.rs.ge/CharityOrganization
4.არასამთავრობო ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს წარუდგენენ საგრანტო ხელშეკრულებებს, მათ შორის საგრანტო პროექტებს და მის დეტალურ ბიუჯეტებს.
არსებობს საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიან რეესტრი, რომელშიც აღრიცხულია საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსებული ყველა ის პროექტი რომელიც სარგებლობს საგადასახადო შეღავათები. ამ რეესტრში აღრიცხვისთვის ორგანიზაციები წარადგენენ საგრანტო ხელშეკრულებებს, საგრანტო პროექტებს და დეტალურ ბიუჯეტებს, შესაბამისად ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურისთვის. რეესტრი ყველასთვის ხელმისაწვდომია და მოცემულია ინფორმაცია პროექტის, მისი განმახორციელებელი სუბიექტის, დაწყებისა და დამთავრების თარიღის შესახებ. გარდა ამისა, ორგანიზაციები დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნებისთვის, საგადასახადო ორგანოს წარუდგენენ დონორთან დადებული შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებებს და პროექტის ბიუჯეტებს.
წყარო: 1) საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრი - https://rs.ge/TaxPrivileges 2) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“.
5.არასამთავრობო ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს ყოველთვიურად წარუდგენენ დეკლარაციებს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია თითოეულ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხების ოდენობისა და სახეობის შესახებ.
საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების მიზნებისთვის, ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს ყოველთვიურად წარუდგენენ დეკლარაციას/ინფორმაციას მათ მიერ დაქირავებულებზე, დასაქმებულებსა და სხვა ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების შესახებ. დეკლარაცია მოიცავს თითოეული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მოქალაქეობრივ მდგომარეობას, ინფორმაციას თითოეულ პირზე გაცემული თანხების ოდენობის, გაცემული თანხის სახისა და დაკავებული გადასახადის ოდენობების შესახებ. გარდა ამისა, ორგანიზაციები ვალდებული არიან ყველა დაქირავებული პირის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, სამუშაო განაკვეთი, სამუშაო სტატუსი და სხვა) ასახონ დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელიც არის საგადასახადო ორგანოს მართვაში.
წყარო: 1) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; 2) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება.
6.არასამთავრობო ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს პერიოდულად წარუდგენენ ქონების და მოგების გადასახადის დეკლარაციებს.
ქონების და მოგების გადასახადების ადმინისტრირების მიზნებისთვის, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს პერიოდულად წარუდგენენ დეკლარაციებს, რომელიც მათ შორის მოიცავს წლიურ ინფორმაციას ორგანიზაციის აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესახებ.
წყარო: 1) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; 2) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება.
7.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმები, რაც გულისხმობს ანგარიშვალდებული პირების მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და შესაბამის ანგარიშგებას. ანგარიშგების წარდგენა ხდება არასამეწარმეო (იურიდიული) პირების და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული გარკვეული ოპერაციების შესახებ.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებისას და წესით, ანგარიშვალდებული პირები (ფინანსური ინსტიტუტები, აუდიტორული ფირმა, ნოტარიუსი და სხვა) ვალდებული არიან მოხდინონ კლიენტთა ვერიფიკაცია, დაადგინონ შესაბამისი ოპერაციების საფუძვლები და მიზნები და განახორციელონ სხვა პრევენციული ღონისძიებები. ამასთან, ანგარიშვალდებული პირები შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციას (სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახური) წარუდგენენ ანგარიშგებას საეჭვო გარიგებების ან/და გარკვეული ოდენობის თანხის ზემოთ განხორციელებული ოპერაციების შესახებ. პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და ანგარიშგების წარდგენა მათ შორის ხდება არასამეწარმეო (იურიდიული) პირების და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
წყარო: 1) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონი; 2) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანება; 3) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N2 ბრძანება; 4) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 30 მარტის N48/04 ბრძანება.
8.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელება საჭიროებს სახელმწიფო ორგანოს წინასწარ თანხმობას და განსაკუთრებულ ანგარიშგებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელება საჭიროებს წინასწარ თანხმობას და განსაკუთრებულ ანგარიშგებას. ამ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელება მოითხოვს საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების თანხმობას. ამ ტერიტორიაზე საქმიანობის/პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია დადგენილი წესით სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან იღებს თანხმობას საქმიანობის განსახორციელებლად და გარკვეული პერიოდულობით წარუდგენს ინფორმაციას პროექტების განხორციელების შესახებ.
წყარო: 1) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი; 2) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ოქტომბრის N320 დადგენილება. 3) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდი - https://smr.gov.ge/
9.უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ გაწეული დახმარებების და დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია შეიტანება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მართულ ვებგვერდზე, საგარეო დახმარებების ინფორმაციული მართვის სისტემაში - https://eaims.ge/