en
ge

რა წერია OSCE ODIHR-ის სამართლებრივ შეფასებაში

რა წერია OSCE ODIHR-ის სამართლებრივ შეფასებაში

ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, რომელიც საქართველოს მთავრობას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონის არსებული ფორმის გაუქმებისკენ მოუწოდებს, საკუთარი გადაუდებელი სამართლებრივი შეფასება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმაც (ODIHR) გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კანონი „შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან“. შეფასება საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

შეფასების თანახმად, კანონის არსებობის საჭიროების დასაბუთებისას მთავარი აქცენტი „უცხოურ გავლენასა“ და „გამჭვირვალობაზე“ კეთდება. დოკუმენტის მიხედვით, „უცხოური გავლენის“ საპასუხოდ, შესაძლებელი იყო შედარებით ნაკლებად შეურაცხმყოფელი საშუალებების გამოყენება, როგორიც შეიძლება ყოფილიყო პროფესიული ლობიზმისა თუ საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მომხდენი უცხოური ინტერესების გამოხატვის მკაფიოდ გაწერილი რეგულირება, რაც, თავის მხრივ, ცხადად განსხვავდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყოველდღიური აქტივობებისგან. დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ „გამჭვირვალობა“ არის და იყო მთავარი დასაბუთება მსგავსი კანონების მიღებისთვის, შესწორებებისთვის ან ინიცირებისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთის ფედერაცია, უნგრეთი და ყირგიზეთი, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში შემავალი სერბთა რესპუბლიკა. შეფასების მიხედვით, ზოგადი მითითებები სამოქალაქო სექტორის დაფინანსების კანონიერების ირგვლივ საჯარო ინტერესის შესახებ, არასამთავრობო სექტორის მხრიდან დანაშაულებში, მათ შორის კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ჩართვის რისკების ანალიზის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული კონკრეტული, კარგად დასაბუთებული საფრთხეების ანალიზის გარეშე, ვერ იქნება ლეგიტიმური საფუძველი გაერთიანების უფლების შეზღუდვისთვის.

შეფასების თანახმად, კანონის განმარტებითი ბარათიდან არ ირკვევა, რომ კანონის ავტორებმა განახორციელეს არსებული კანონმდებლობის ადეკვატური შესწავლა, რათა დაედგინათ, შესაძლებელი იყო თუ არა მათი წინაშე არსებული მიზნების არსებული კანონმდებლობით, ან ამ კანონმდებლობის, მათ შორის ფინანსური თუ საგადასახადო კანონების გაძლიერებით მიღება. გარდა ამისა, ODIHR-ის შეფასების თანახმად, კანონის განმარტებითი ბარათი არ მოიცავს კანონის გავლენის შეფასებას, მათ შორის, არ აანალიზებს შესაძლო გავლენას გაერთიანების, პრესისა და გამოხატვის უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით.

შეფასება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონის განმარტებით ბარათში მოხმობილი მაგალითები, მათ შორის აშშ-ის „FARA“ და ავსტრალიის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი, ფუნდამენტურად განსხვავდება ქართული კანონის მიზნებისა და მოქმედების სფეროსგან. ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებასა და ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯარო დარეგისტრირებას ავალდებულებს, არ აცხადებს სამოქალაქო საზოგადოების ან მედიის ორგანიზაციებს უცხოეთის წარმომადგენლად მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ.

ანალიზი ყურადღებას ამახვილებს დაფინანსების წყაროს წარმოშობის მიხედვით ორგანიზაციებისადმი დისკრიმინაციული მიდგომის არსებობაზეც. დოკუმენტის მიხედვით, კონკრეტული კატეგორიის ორგანიზაციებისა თუ ასოციაციების წინააღმდეგ დაფინანსების წყაროს მიხედვით დისკრიმინაციული მოპყრობა უნდა განიხილებოდეს სექტორული თანასწორობის პერსპექტივიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ წესები, რომლებიც მიემართება ამ ასოციაციებს, არ უნდა იყოს იმაზე მეტად მკაცრი, ვიდრე ის წესები, რომლებიც ზოგადად მიემართება კომერციულ დაწესებულებებსა თუ ბიზნესს. ODIHR-ის თანახმად, გამომდინარე იქედან, რომ ამ კანონის შემთხვევაში ადეკვატურად ვერ საბუთდება დაფინანსების წყაროს მიხედვით განსხვავებული მოპყრობის საჭიროება, კანონი შესაძლოა დისკრიმინაციულად განიხილებოდეს.

შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ უცხოური წყაროდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის ახალი ვალდებულებების დაწესება ქმნის ერთგვარ შეზღუდვებს გაერთიანების უფლების რეალიზებისთვის, ხოლო უცხოური დაფინანსების გამჟღავნება ამ ორგანიზაციებისთვის ატარებს სტიგმატიზაციის საფრთხეს.

ანალიზში ასევე აღნიშნულია, რომ ტერმინი „უცხოური ძალა“ მისი ფართო განმარტებიდან გამომდინარე, ასევე მოიაზრებს საერთაშორისო და მთავრობათაშორის ორგანიზაციებსაც, მათ შორის იმათ, რომლის წევრი და კონტრიბუტორი საქართველოცაა. შესაბამისად, აღნიშნული კანონით, შესაძლოა ეს ორგანიზაციებიც უცხოურ ძალად მოიაზრებოდეს, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც მათგან (მაგალითად გაეროსგან) იღებენ დაფინანსებას, განხილულნი იქნებიან, როგორც უცხოური ძალის ინტერესების მატარებელნი.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოს უფლება, მონიტორინგის ფარგლებში ნებისმიერი კერძო ან იურიდიული პირისგან მოითხოვოს ნებისმიერი პერსონალური თუ კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია ეთნიკური წარმოშობის, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვაგვარი რწმენების შესახებ, არის გადაჭარბებული და არღვევს კონფიდენციალურობის უფლებას.

ყოველივეს გათვალისწინებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოს აღნიშნული კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ შეფასების გავრცელებას ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ჯერემი მაკბრაიდმა მოამზადა. ODIHR-ის განცხადებით, შეფასება მომზადდა ორგანიზაციის შიდა ექსპერტების მიერ და მასში არ ყოფილა ჩართული ჯერემი მაკბრაიდი.




მსგავსი პოსტები