en
ge

როდის ამოქმედდება რუსული კანონი

როდის ამოქმედდება რუსული კანონი

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა 66 ხმით მხარი არ დაუჭირა ეგრეთ წოდებული "რუსული კანონის" შესახებ პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებს, ხოლო შემდგომ, იმავე დღეს 84 ხმით მხარი დაუჭირა ამ კანონის მანამდე სამი მოსმენით მიღებულ ვერსიას. ეს პროცედურა საჯაროდ ცნობილია, როგორც "ვეტოს დაძლევა".

ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტმა 3 დღის ვადაში უნდა გადაუგზავნოს კანონი პრეზიდენტს, რომელსაც ხელმოწერისა და გამოქვეყნებისთვის 5 დღის ვადა აქვს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მას ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც საჯარო წყაროებიდან არის ცნობილი, პრეზიდენტი არ აპირებს ამ კანონის ხელმოწერას, შესაბამისად პრეზიდენტისთვის დადგენილი 5 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მოიაზრებს ყველა იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდულ პირს, რომელიც არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფუძნებული, არ არის სპორტული ფედერაცია ან შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და კალენდარული წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტს იღებს უცხოური ძალისგან. უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად ასევე ითვლება ის იურიდიული პირი რომელიც ფლობს მედია-საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. ზემოთ მოცემულ სუბიექტებს, კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს.

კანონის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აღიარებისთვის განმსაზღვრელია, არა ამ სუბიექტის საქმიანობა, არამედ შემოსავლის წყარო - პირდაპირ ან არაპირდაპირ უცხოური ძალიდან მიღებული შემოსავლები. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა შემოსავლის წყარო, ევროკავშირია, საერთაშორისო ორგანიზაციაა რომლის წევრიც საქართველო თავად არის, თუ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანაა.

ამ კანონის თანახმად, კანონის გამოქვეყნებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ/გამოსცემ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა განახორციელონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები, რაც რეალურად გულისხმობს, მათ შორის, უცხოური ძალის ინტერესების გავლენის მატარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირებისთვის საჭირო პროცედურებისა და საშუალებების, აგრეთვე შესაბამისი რეესტრის შექმნას.

კანონის მიხედვით, ამ კანონის გამოქვეყნების მე-60 დღიდან, სუბიექტებს, რომლებიც 2023 წლის მდგომარეობით აკმაყოფილებენ უცხოური ძალის ინტერსების გამტარი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ეძლევათ 1-თვიანი ვადა, რათა რეგისტრაციის შესახებ მატერიალური ფორმით წერილობითი განცხადებით, იუსტიციის სახლის მეშვეობით, მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დაუშვას სუბიექტი შესაბამის ვებ-გვერდზე, რის შემგომაც ამ უკანასკნელმა 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულად უნდა შეავსოს და წარადგინოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადი (რომელიც იმავდროულად საფინანსო დეკლარაციაა).

თუ სუბიექტი აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს და დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ მიმართავს და თავს აარიდებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის სააგენტო, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, იძულებით დაარეგისტრირებს სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში. ამავდროულად, რეგისტრაციის თავის არიდების გამო სუბიექტს დაეკისრება ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით და მაინც ვალდებული იქნება 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო რეესტრს წარუდგინოს განაცხადი/საფინანსო დეკლარაცია. ამ უკანასკნელის წარუდგენლობის შემთხვევაში, სუბიექტს დამატებით დაეკისრება ჯარიმა 10,000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ყოველი შემდგომი ერთი თვის განმავლობაში განაცხადის/საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა დამატებით გამოიწვევს 20,000 ლარიან ჯარიმას.

კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, ნებისმიერ დროს შეუძლია იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით განხორციელოს მონიტორინგი. მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს თავად იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის ინიციატივა ან ნებისმიერი პირის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები (მაგალითად, მონაცემები რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას). ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილი იქნეს ნებისმიერი ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან, ორგანიზაციისგან, დაწესებულებისგან და ორგანოსგან. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ. პირის მიერ მის ხელთ არსებული მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, იგი დაჯარიმდება 5,000 ლარის ოდენობით.

კანონის ხელმოწერის და გამოქვეყნების მინიმალური ვადების გამოყენების შემთხვევაში, სუბიექტებმა არაუგვიანეს 2024 წლის აგვისტოს ბოლოს უკვე უნდა მიმართონ საჯარო რეესტრს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული, თავის მხრივ ემთხვევა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს, რომელიც ისედაც ხასიათდება პოლიტიკური პოლარიზაციით, ხოლო აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო გაზრდის ამგვარ პოლარიზებას.

მსგავსი პოსტები