en
ge

რას ამბობს PACE-ს რეზოლუცია „რუსული კანონის“ შესახებ და ევროპული საბჭოს მოწოდებები

რას ამბობს PACE-ს რეზოლუცია „რუსული კანონის“ შესახებ და ევროპული საბჭოს მოწოდებები

27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 66 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხმიანება. რეზოლუციაში ასახული შეშფოთებები პრაქტიკულად განმეორდა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებებსა და მოწოდებებშიც.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს ქვეყნის მხრიდან საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა სრულად უჭერს მხარს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ ეს კანონი, ისევე როგორც მისი მიღების წესი, არის შეუთავსებელი ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეის ხედვით, ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არც არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან და არც მტრული უცხოური გავლენის შეკავებასთან, არამედ ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე არასათანადო პოლიტიკური კონტროლი დაამყაროს.

PACE-ს რეზოლუციის მიხედვით, კანონი მთლიანად უნდა გაუქმდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ამ კანონის მიღება არ არის იზოლირებული შემთხვევა, არამედ წარმოადგენს მოვლენათა განვითარების ერთგვარ კულმინაციას, რაც ნათლად წარმოაჩენს ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას. ასამბლეა საქართველოს კვლავ დემოკრატიული კურსისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რაც არამხოლოდ სიტყვებში, არამედ მკაფიო მოქმედებებში უნდა გამოიხატებოდეს.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისგან იზოლირებულად, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს. ასამბლეა შიშობს, რომ ეს კანონი უარყოფით გავლენას მოახდენს არჩევნებზე და შედეგებისადმი ნდობაზე, რამაც „შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე“.

გარდა რუსული კანონის გაუქმების მოწოდებისა, რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენების, ასევე, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების გამო. ასამბლეა ასევე შეშფოთებულია, რომ ეს თავდასხმები არ არის საკმარისად გამოძიებული და დაგმობილი ხელისუფლების მიერ, რამაც შეიძლება დაუსჯელობის ატმოსფერო შექმნას.

27 ივნისს, მათ შორის, საქართველოს შესახებ იმსჯელა ევროპულმა საბჭომაც (EUCO). საბჭო, ისევე როგორც საპარლამენტო ასამბლეა, შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო.

საბჭო თავის გადაწყვეტილებაში აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლას წარმოადგენს. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიყავს.

გარდა ამისა, ევროპული საბჭო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. საბჭო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, არსებითია იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.

საბჭო თავის მოწოდებებში ასევე აღნიშნავს, რომ დაგეგმილი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს პარტნიორების მხრიდან არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან სიღრმისეულ დაკვირვებას. EUCO კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატავს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობისადმი და მზაობას განაგრძოს მისი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

ევროპული საბჭო არის ევროკავშირის კოლეგიალური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს კავშირის პოლიტიკურ მიმართულებასა და პრიორიტეტებს. იგი აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებსა და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს. რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ესაა საბჭოს ერთგვარი საპარლამენტო ორგანო, რომელშიც 46 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, წარმომადგენლები შედიან.


მსგავსი პოსტები