en
ge

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება

„რუსული კანონის“ სახელით ცნობილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტუტიციო სასამართლოში გრძელდება.

კანონის მიღების შემდეგ, პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში გააქტიურდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შესახებ დისკუსია. 30 მაისს ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილმა განაცხადა, რომ ამზადებდნენ საკონსტიტუციო სარჩელს სასამართლოში წარსადგენად. საბოლოოდ, ივლისში სასამართლოში ორი სხვადასხვა სარჩელი შევიდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი, რომლითაც მან სასამართლოს 15 ივლისს მიმართა და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციების საერთო სარჩელი, რომლის შესახებაც ცნობილი დღეს, 17 ივლისს გახდა.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სარჩელის თანახმად, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.

პრეზიდენტის სარჩელი პრეცენდენტულია, რადგან:

  • ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა;
  • საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დრომდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) დარღვევაზე.


მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციების სარჩელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა ადამიანების დასახმარებლად. სარჩელის მიხედვით, რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციები სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც მოითხოვენ.

კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ დროის ათვლა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან იწყება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადის არაუმეტეს 2 თვით გაგრძელება შეუძლია. საგულისხმოა, რომ ამ დროის ამოწურვა ავტომატურად არ ნიშნავს სასამართლოს მიერ წარდგენილ სარჩელზე ან წარდგინებაზე გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.



მსგავსი პოსტები