საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), 25 აპრილს, საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა აქვს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მოსახლეობას სთხოვა პოლიტიკური პარტნიორები და საფრთხეები დაესახელებინათ, შედეგები კი ასეთია: ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად 63%-მა ევროკავშირი, 47%-მა აშშ, 27%-მა უკრაინა, 18%-მა თურქეთი, 16%-მა კი აზერბაიჯანი დაასახელა.
ქვეყნისთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ გამოკითხულთა 87%-ი რუსეთს, 8%-8%–ი აშშ-სა და თურქეთს, 4%–ი ირანს, 3%-3%–ი კი სომხეთს, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს მიიჩნევს.
რაც შეეხება ეკონომიკურ პარტნიორებსა და საფრთხეებს, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 60%–ი ევროკავშირს მიიჩნევს, 43%–ი აშშ-ს, 30%–ი თურქეთს, 22%–ი აზერბაიჯანს, 21%–ი კი – უკრაინას.
ეკონომიკურ საფრთხეებს შორის 76%–ი რუსეთს ასახელებს, 6%–ი თურქეთს, 5%–ი აშშ-ს, 2%-2%–ი კი – ევროკავშირს, უკრაინას, ირანს, ჩინეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.
გამოკითხვა ასევე ეხებოდა რუსეთთან დიალოგსაც, გამოკითხულთა 34%–ი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 27%–ი ნაწილობრივ უჭერს მხარს, 26%–ი სრულად, 9%–ი მეტწილად ეწინააღმდეგება, 4%-მა კი – არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე. რესპონდენტების 30% ძალიან ნეგატიურად აფასებს საქართველოს მთავრობის რუსეთთან ურთიერთობების დინამიკას, ძალიან დადებითად კი – მხოლოდ 10%-ი.
რას ფიქრობენ საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის შესახებ? გამოკითხულების 17%–ი ამბობს, რომ კურსი პროდასავლურია; 21%-ის მოსაზრებით, უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული; 20%-ის მოსაზრებით, უფრო პრორუსული, ვიდრე პროდასავლური; 25%-ის აზრით კი – პრორუსული.
რა დამოკიდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ? გამოკითხულთა 89%–ი სრულად ან მეტწილად ემხრობა; 8%–ი საერთოდ არ ემხრობა, ან მეტწილად არ ემხრობა; 3%-მა კი – არ იცის ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.
ემხრობა თუ არა მოსახლება ნატოში გაწევრიანებას? ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, სრულად, ან მეტწილად რესპონდენტების 80%-ს სურს. 14%–ი საერთოდ, ან მეტწილად არ ემხრობა; 6%-მა კი არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2023 წლის 4-23 მარტს, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე და შესაბამისი ასაკის 1 500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.