XIX საუკუნის ბოლოდან საქართველოში უკვე არსებობდა სამხატვრო სასწავლებლები. თავდაპირველად, 1874 წელს, დაწყებითი სამხატვრო სკოლა შეიქმნა, 1897 წელს კი - გიგო გაბაშვილის სამხატვრო სტუდია.
1900 წლიდან არსებული კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლამ კი 1922 წელს დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიას ჩაუყარა საფუძველი.
ამ სკოლებში ქართველ და ევროპელ პედაგოგებთან - ალექსანდრე მრევლიშვილთან, ბორის ფოგელთან, მოსე თოიძესთან, იაკობ ნიკოლაძესთან, გიგო გაბაშვილთან და იოსებ შარლემანთან ერთად ისწავლეს ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, ვალერიან სიდამონ-ერისთავმა, მიხეილ ბილანიშვილმა, ფელიქს ვარლამიშვილმა, ელენე ახვლედიანმა, ქეთევან მაღალაშვილმა, ირინა შტენბერგმა, ვერა ლებედევამ, მოგვიანებით კი ნინა თამამშევამ, მოქანდაკეებმა - თამარ აბაკელიამ, ელენე მაჩაბელმა, ნინო წერეთელმა და სხვებმა.
ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი ლოკალური კულტურული ცხოვრების მონაწილენი იყვნენ - თბილისის, რომელსაც XX საუკუნის 10-იან წლებში "პატარა პარიზს" ეძახდნენ. არტკაფეები, დისკუსიები ხელოვნებაზე, ახალ მხატვრულ ფორმებზე, ეგზოტიკური გარემო, სიმბოლიზმი, მოდერნი, ფუტურიზმი... ქართველი და აქ დროებით მცხოვრები ევროპელები, ავანგარდული ხელოვნების შემქმნელები, ამ პროცესების წამომწყებნი და მონაწილეები იყვნენ - ზუსტად ისე, როგორც ეს იმავე პერიოდის პარიზში.
წყარო: რონდელის ფონდის ჟურნალი "ჩემი სამყარო", საქართველოს მხატვარი ქალები, ნინო ხუნდაძე.
#ესქვეყანაშენია #გაიზიარეპასუხისმგებლობა