საოჯახო საქმე, სამსახური, ზრუნვა, მოხალისეობრივი საქმიანობა, სწავლა, კულტურული და სპორტული აქტივობები, სოციალიზაცია, დასვენება, თავის მოვლა და კიდევ უამრავი სხვა საქმეა, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ და ამას სხვადასხვა დროს ვუთმობთ.
საქმიანობა შეიძლება იყოს ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე. მაგალითად მსოფლიოში, ადამიანები ყოველდღიურად ჯამურად 16 მილიარდ საათს უთმობენ სხვებზე ზრუნვას (ანაზღაურების გარეშე).
როგორ იყენებენ დროს საქართველოში – გაეცანით გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევას, რომელიც იკვლევს სხვადასხვა საქმიანობაში რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები, როგორია გენდერული და ასაკობრივი განსხვავებები, სხვადასხვა ჯგუფებისა და პერსონალური დამოკიდებულებების მიხედვით სხვაობები. ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შრომის თანაფარდობა და გენდერული ასპექტები.
ზოგადი მონაცემები
მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 9 საათიდან 6 საათამდე მუშაობს, თუმცა სამუშაო საათების დიაპაზონი 6 საათიდან ღამის 12 საათამდე გრძელდება. საოჯახო საქმიანობა (აუნაზღაურებელი) დილით იწყება და დღის ბოლომდე გრძელდება, იგი პიკს 11 საათზე აღწევს.
საქართველოს მოსახლეობა დროის 49% უთმობს ისეთ აუცილებელ საკითხებს როგორიცაა პირადი ჰიგიენა, კვება, ძილი და ა.შ. დროის 16%–ს ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ ისეთ აქტივობებს უთმობს, როგორიცაა ანაზღაურებადი სამუშაო, საგანმანათლებლო პროცესი და ა.შ. 23 %–ს უთმობს დასვენებასა და სოციალიზაციას. ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმიანობას (აუნაზღაურებელი საოჯახო, ზრუნვა, მოხალისეობა და ა.შ.) მოსახლეობა უთმობს დროის 12%–ს.
ვალდებულებებისთვის ქალები კაცებზე დაახლოებით 4–ჯერ მეტ დროს ხარჯავენ. თავად ქალთა შორის ეს საკითხი ასაკობრივი ჭრილის მიხედვით განსხვავდება: ვალდებულებებს ნაკლებ დროს უთმობენ 15–24 წლის ქალები (10.9%), ყველაზე დიდ დროს 25–44 წლის ქალები უთმობენ (რაც რეპროდუქციულ ასაკს შეესაბამება). ხელშეკრულებებთან დაკაშირებულ საკითხებზე ან თავისუფალს დრო განხორციელებულ აქტივობებს მამაკაცები უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ქალები.
თბილისსა და სხვა ქალაქებში გაცილებით დიდ დროს უთმობენ მოქალაქეები სამუშაოს, დასაქმებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. კაცების მონაწილეობის დონე (41%) 1,7–ჯერ მაღალია, ვიდრე ქალთა (24%). საშუალო მაჩვენებლის მიხედვით მოქალაქეები დღეში 8.2 საათი მუშაობენ, თუმცა ქალაქებსა და სოფლებს შორის სხვაობა შეიმჩნევა. თბილისი – 9.1 საათი, სხვა ქალაქები – 8,6, ხოლო სოფლებში – 7.0. ყველა ტიპის დასახლებაში, კაცები ერთი საათით მეტს მუშაობენ, ვიდრე ქალები.
სწავლობს და სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობს ქალების 6.3%, ხოლო კაცების 5.8%. მონაწილეობის დონე თბილისსა და სხვა ქალაქებში უფრო მაღალია, ვიდრე სოფლებში. 24 წლის შემდეგ, ქალებიც და კაცებიც თანდათან ნაკლებ დროს უთმობენ სწავლას. ქალები სწავლას უთმობენ დღეში 2.3 საათს, ხოლო კაცები 1.9 საათს. საპირისპირო სურათი დაფიქსირდა სოფლად.
საქართველოს მოსახლეობის 66% პროცენტი ჩართულია საოჯახო (აუნაზღაურებელ) საქმიანობაში. მონაწილეობის მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება ქალებისა და კაცების შემთხვევაში – ქალები 88.3%, კაცები – 39.6%. მონაწილეობის დონე მაღალია სოფლად მცხოვრებ ქალებში – 90.3%. საშუალოდ, საქართველოს მოსახლეობა დღეში 2.1 საათს ხარჯავს საოჯახო საქმიანობისთვის. ქალები 5–ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ასაკის მატებასთან ერთად ქალები უფრო მეტ დროს ხარჯავენ საოჯახო საქმიანობისთვის, 64 წლის შემდეგ იგი კლებულობს.
ზრუნვაში (აუნაზღაურებელი) ჩართულ ქალთა რაოდენობა ორჯერ აღემატება მამაკაცთა რაოდენობას. ორივე სქესისთვის 25–44 წლის ასაკში უფრო დამახასიათებელია ზრუნვა.
ყველაზე დიდ დროს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ძილს უთმობს. საშუალო მონაცემით ეს 9.1 საათს შეადგენს. ჭამისთვის 1,5 საათს, ხოლო ჰიგიენისთვის დაახლოებით 1 საათს უთმობს. დასახლების ტიპის და სქესის მიხედვით, ამ მაჩვენებლების მნიშვნელობებს შორის მკვეთრი განსხვავება არ შეინიშნება.
მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ საქმიანობებზე საქართველოს მოსახლეობა ძალიან ცოტა დროს ხარჯავს (0.1 საათი დღეში). მოხალისეობრივ საქმიანობაში მოსახლეობის მხოლოდ 2.6 პროცენტი. ამასთან, კაცების მონაწილეობის დონე (3.0 პროცენტი) უფრო მაღალია, ვიდრე ქალების (2.3 პროცენტი).
სოციალიზაციის პროცესში მოსახლეობის 59.0% მონაწილეობს, ამასთან ქალებისა და კაცების მონაწილეობა თანაბარია. თუმცა ქალაქში უფრო მაღალია მონაწილეობა, ვიდრე სოფლად. ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება პროცენტული მონაცემები. აღნიშნულ აქტივობებს კაცები უფრო მეტ დროს უთმობენ (2.8 საათი დღეში), ვიდრე ქალები (2.1 საათი დღეში).
საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ დღეში 4.2 საათს ხარჯავს დასვენებისთვის. ყველა ტიპის დასახლებაში და ყველა ასაკობრივ ჯგუფში დასვენებისთვის კაცები უფრო მეტ დროს იყენებენ (4.7 საათი დღეში), ვიდრე ქალები (3.9 საათი დღეში).
სხვადასხვა ჯგუფები და დრო
საქართველოში ბავშვზე ზრუნვაში და ზრუნვასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობს დედების 80.0%, ხოლო მამების 37.6%. დედები საშუალოდ 20.4 საათს ხარჯავენ კვირაში (იგულისხმება ძირითად და პარალელური აქტივობები), რაც მამების მიერ დახარჯულ დროს (3.9 საათი) 5–ჯერ აღემატება. დედების მიერ შვილზე ზრუნვისთვის დახარჯული დროის ნახევარზე მეტი ფიზიკურ და ემოციურ ზრუნვას ეთმობა. მამების მიერ დახარჯული დროის ნახევარზე მეტი შვილებთან თამაშს, კითხვასა და საუბარს.
უფროსი ასაკის პირებთან შედარებით ახალგაზრდები (15-24 წლის) დროს სხვანაირად ანაწილებენ – მეტი სძინავთ და მეტ დროს ხარჯავენ სწავლისთვის, ისინი ბევრად ნაკლებ დროს უთმობენ სხვებზე ზრუნვასა და საოჯახო საქმიანობას (აუნაზღაურებელი). ოჯახთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდები ყველაზე მეტ დროს ხარჯავენ: საკუთარ თავზე ზრუნვასა და თავის მოვლაში (51.0 პროცენტი), დასვენებასა და გართობაში (17.0 პროცენტი), სოციალიზაციასა (10.2 პროცენტი) და სწავლაში (8.7 პროცენტი).
65 წლის და უფროსი ასაკის თბილისში, სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მცხოვრები ქალები და კათები დროს ერთნაირად ანაწილებენ. ისინი ძირითად დროს საკუთარ თავზე ზრუნვასა და თავის მოვლას, ასევე - დასვენებასა და გართობას უთმობენ. გენდერული განსხვავებები აღინიშნება შემდეგ აქტივობებში: ანაზღაურებად საქმიანობაზე კაცები უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე ქალები (3.3 საათი და 1.6 საათი, შესაბამისად); აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაზე ქალები უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები (3.2 საათი და 1.0 საათი, შესაბამისად); გართობასა და დასვენებაზე კაცები უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე ქალები (6.4 საათი და 5.4 საათი, შესაბამისად).
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და კაცების მონაწილეობა დასაქმებასა და სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებში იკლებს შეზღუდვების მატებასთან ერთად.
ეთნიკურად ქართველი ქალები და კაცები შედარებით მეტ დროს ხარჯავენ ანაზღაურებად სამუშაოზე (დასაქმება და პროდუქციის წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის), ვიდრე ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ეთნიკურად ქართველ ქალებთან შედარებით სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაზე დღეში საშუალოდ 0.6 საათით მეტ დროს ხარჯავენ.
დრო და პერსონალური განზომილებები
საქართველოს მოსახლეობის 37.9 პროცენტის შეფასებით სამუშაო დღეები (ორშაბათი–პარასკევი) სასიამოვნოა, ხოლო 55.5 პროცენტს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. უქმე დღეებს (შაბათ-კვირა) მოსახლეობის უფრო დიდი წილი (43.0 პროცენტი) აფასებს სასიამოვნოდ. ზოგადად, უფრო დადებითია ქალების და ახალგაზრდების (15-24 წლის) შეფასება, ვიდრე კაცების და უფროსი ასაკის წარმომადგენელების. როგორც სამუშაო, ისე უქმე დღეებში, ყველაზე სასიამოვნო აქტივობებად სახელდება:
1.რეფლექსიასთან და დასვენებასთან დაკავშრებული აქტივობები;
2.სოციალიზაციასთან და შეკრებასთან დაკავშრებული აქტივობები;
3.ტელევიზიის/ვიდეოს ყურება/მოსმენა;
4.საკვების მიღება;
5.კოლექტიურ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა;
6.საუბარი, კომუნიკაცია;
7.სკოლაში/ უნივერსიტეტში სიარული; 8.ბავშვებთან თამაში და სპორტი.
მთლიანობაში, დროის ზეწოლას (ფიქრობს, რომ ყოველთვის ჩქარობს) უფრო მეტი ქალი განიცდის, ვიდრე კაცი (32.6 პროცენტი და 25.1 პროცენტი, შესაბამისად). აღნიშნული გენდერული განსხვავება შეინიშნება ყველა ტიპის დასახლებაში. გარდა ამისა, ქალებიც და კაცებიც, დროის სიმცირეს თბილისში უფრო გრძნობენ (38.1 პროცენტი და 28.0 პროცენტი, შესაბამისად), ვიდრე სხვა ქალაქებში და სოფლებში. ასევე, სამუშაო ძალის სტატუსის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სრული დროით დასაქმებული პირების შემთხვევაში.
მუშაობა-დასვენების ბალანსი ქალებისთვის უფრო ნაკლებია, ვიდრე კაცებისთვის. ქალების სამუშაო დრო საშუალოდ 1.8-ჯერ აღემატება დასვენების დროს. კაცებში ეს მაჩვენებელი 1.2-ს შეადგენს (გენდერული თანაფარდობა - 1.5). ასაკის მიხედვით, მუშაობა-დასვენების ბალანსი ყველაზე ნაკლებია 25-34 და 35-44 ასაკობრივ ჯგუფებში. ამასთან, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე მაღალია გენდერული თანაფარდობა. 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვის დედები საშუალოდ 3.7-ჯერ მეტს მუშაობენ, ვიდრე ისვენებენ, მამები კი - 2.2-ჯერ მეტს.
წყაროები:
დროის გამოყენების გამოკვლევა საქართველოში
ქალების აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა და უთანასწორობის კრიზისი საქართველოში