en
ge

სახელმწიფო გრანტები და მუნიციპალიტეტები

სახელმწიფო გრანტები და მუნიციპალიტეტები

სახელმწიფო საგრანტო სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რომელსაც „საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფცია“ აუცილებელ ცვლილებებში მოიაზრებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, კონცეფციის სამუშაო ჯგუფის წევრი, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მთავარი იურისტი, ლევან ფანიაშვილი გვეტყვის. 

- მუნიციპალიტეტების მიერ გრანტის გაცემის შეუძლებლობა წარმოადგენს, სახელმწიფო საგრანტო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკლოვანებას. საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემი სუბიექტების ჩამოთვლისას არ ახსენებს ადგილობრივ თვითმმართველობას და, შესაბამისად, მუნიციპალურ ორგანოებს არ შეუძლიათ განახორციელონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი ინიციატივების საგრანტო დაფინანსება. ამის მიუხედავად, რიგი მუნიციპალიტეტების პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ მუნიციპალური ორგანოები საკუთარი პროგრამების განხორციელებისას საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე საბიუჯეტო თანადაფინანსებას გასცემენ, რასაც ვერ არქმევენ გრანტს. თუმცა, ასეთი პროგრამული დაფინანსება თავისი არსით საგრანტო დაფინანსებაა და გრანტის იდენტურია. მუნიციპალიტეტების მიერ ასეთი დაფინანსება, გაიცემა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, კულტურის, სპორტის და ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის, სოციალურ დაცვის პროექტების ხელშეწყობის და სხვა მიმართულებებით. მუნიციპალური ორგანოების მიერ ასეთი დაფინანსების გაცემა არის მნიშვნელოვანი მანიშნებელი იმისა, რომ არსებობს ადგილებზე ასეთი მექანიზმის გამოყენების საჭიროება და შესაბამისად კანონმდებლობა არ მიმართულებით ცვლილებას საჭიროებს. 

მუნიციპალიტეტების მიერ გრანტის გაცემის მექანიზმის კანონმდებლობაში პირდაპირი არ არსებობის პირობებში, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსების გაცემის პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც ბუნებრივია კითხვებს აჩენს გამჭვირვალობისა და სანდოობის კუთხით. შესაბამისად, მსგავსი პროგრამული დაფინანსებების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა ხელს შეუწყობს დაფინანსების დაგეგმვისა და გაცემის პროცესის მეტ გამჭვირვალობას და სანდოობას. ასეთი დაფინანსების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა და მუნიციპალიტეტებისთვის გრანტის გაცემის უფლების მინიჭება, ხელს შეუწყობს რიგ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის ფუნქციების უკეთ განხორციელებას, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რესურსების გაერთიანების გზით საზოგადოებრივად სასარგებლო ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ თვისი საბიუჯეტო რესურსები გაერთიანებას და ინტერმუნიციპალური ინიციატივების წახალისებას, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართვას და ადგილზე სხვადასხვა ინიციატივების წახალისებას. 

- რატომ არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის? 

- როგორც საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს სხვადასხვა საჯარო ინსტიტუციებიდან მიღებული პროგრამული დაფინანსებები წარმოადგენს. ასეთი დაფინანსება განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის დაფინანსების ძირითად წყაროს საერთაშორისო საგრანტო დაფინანსება წარმოადგენს. საერთაშორისო საგრანტო დაფინანსების შემცირების შემთხვევაში საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა გაუარესდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გაჩნდეს დაფინანსების სხვა ალტერნატიული წყაროები, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტსაც სწორედ საჯარო ინსტიტუციების, მათ შორის მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული გრანტები წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს რეგიონებში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომელთა ფინანსური რესურსები, როგორც წესი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსხვილი და თბილისში ბაზირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსურ შესაძლებლობებს. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, მუნიციპალიტეტებისთვის გრანტის გაცემის უფლება, უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს იმოქმედონ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აქტუალური დღის წესრიგით და დაფინანსდეს ისეთი ინიციატივები რომელიც დონორი ორგანიზაციების პრიორიტეტებში შეიძლება არ შედიოდეს. მუნიციპალიტეტების მიერ ადგილებზე საგრანტო დაფინანსებების გაცემა, შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ორგანიზაციებს დაგეგმონ კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პროექტები და უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში. 

- საერთაშორისო გამოცდილება ახსენეთ. როგორია ეს გამოცდილება? 

- მრავალი ქვეყნის ხელისუფლებას გააზრებული აქვს, ქვეყნის მდგრადი და დემოკრატიული განვითარებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა. ისინი აცნობიერებენ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან ის პარტნიორები, რომლებიც კარგად იცნობენ მოსახლეობას და გააჩნიათ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული და ღირებული პროდუქტის მიწოდების უნარი. შესაბამისად, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ხარისხიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან წამოსული ინიციატივების წახალისების მიზნით, შექმნილია პირდაპირი დაფინანსების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის საგრანტო დაფინანსების გაცემის მექანიზმი. გრანტი, ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან გამოყოფილი პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. გრანტები გამოიყოფა მრავალი მიმართულებით: განათლება, ადამიანის უფლებები, ქველმოქმედება, ახალგაზრდობა, რეგიონული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, სპორტი, ხელოვნება, ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, ცხოველთა დაცვა და სხვ. ბევრ ქვეყანაში, ადგილობრივი ხელისუფლებები სარგებლობენ გრანტის გაცემის, ხოლო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მისი მიღების შესაძლებლობით. აღნიშნული კი ხელს უწყობს, თანამშრომლობის გააქტიურებას და ერთობლივი წამოწყებების განხორციელებას. 

- როგორ უყურებს ამ საკითხს ხელისუფლება? გქონიათ ამ საკითხის ირგვლის საუბარი? როგორია მათი პოზიცია?

- მუნიციპალიტეტებისთვის გრანტის გაცემის უფლებამოსილების გადაცემა არაერთხელ დაისვა საჯარო დღის წესრიგში. თუმცა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება თავს იკავებდა მუნიციპალიტეტების ამ უფლებით აღჭურვისგან და ამის მიზეზად როგორც წესი, კორუფციის მაღალ რისკს ასახელებს და მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების ორგანოები ასეთი უფლებამოსილების განსახორციელებლად მზად არ არიან. თუმცა ამ რისკების გამორიცხვა ან მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია გამჭვირვალობის და სანდოობის საკანონმდებლო სტანდარტების დადგენით. ამავდროულად, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის რეფორმირების საჭიროება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მუნიციპალიტეტებისთვის გრანტის გაცემის უფლებას ეხება, აღიარებულია ხელისუფლების მიერ სხვადასხვა სამთავრობო დოკუმენტით. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით, მუნიციპალიტეტების გრანტის გაცემის მექანიზმით აღჭურვის მნიშვნელობა აღიარებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით. ამის საფუძველზე მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ვარიანტი, თუმცა მისი შემდგომი მსვლელობა მთავრობის მხრიდან ამ ეტაპისთვის არ მომხდარა. გარდა ამისა, აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგია, რომელშიც ასევე მითითებულია მუნიციპალიტეტებისთვის გრანტის გაცემის უფლების მინიჭების საკითხი. 

ესაუბრა მაკა ჯაიანი

მსგავსი პოსტები