en
ge

სახელმწიფო გრანტები - ძირითადი აქცენტები

სახელმწიფო გრანტები - ძირითადი აქცენტები

საჯარო ინსტიტუციები სახელმწიფო გრანტებს საქართველოში 2009 წლიდან გასცემენ. წლების განმავლობაში იზრდება, როგორც გრანტის გამცემი სტრუქტურების, ისე - საგრანტო დაფინანსების მიმართულებები და გაცემული გრანტების საერთო ოდენობა. დღეს, უკვე, საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ყველა სამინისტროს, ასევე, ათზე მეტ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს გრანტის გაცემის უფლება. ზემოაღნიშნული საჯარო ინსტიტუციები გრანტებს გასცემენ, მათ შორის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზეც. ამასთან, სახელმწიფო გრანტების გაცემის მოქმედ სისტემას აქვს რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზებისა, რომელიც სერიოზულ რისკებს ქმნის და გამოსწორებას საჭიროებს. თუმცა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი რისკებს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების შინაარსშიც ხედავს. 

ირმა პავლიაშვილი, ღია სივრცე კავკასიის (COS) თავმჯდომარე: სახელმწიფოს მიერ გრანტების გაცემის სისტემაში არსებული ხარვეზების (გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის პრინციპების დაბალი ხარისხი, ერთგვაროვანი კრიტერიუმების არ არსებობა) პარალელურად, გამოწვევები მის შინაარსობრივ მხარეშიც არის, ვფიქრობ, რომ , ე.წ. Watchdog-ების ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობენ, ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებენ ან, სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ, სასამართლოებში დავებს აწარმოებენ, სახელმწიფო გრანტის მიმღები ვერ იქნებიან. ასეთმა დაფინანსებამ, შესაძლოა, გარკვეული საშიშროებები წარმოქმნას მათი დამოუკიდებლობის, ნეიტრალურობის, ობიექტურობის კუთხით. 

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ გრანტის განხორციელებას, რიგ შემთხვევაში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ამოწმებს და, შედეგად, საქმეში კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება ერთვება. 

საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მაგალითებს. ავიღოთ გერმანიის მოდელი, რა დროსაც ხელისუფლება რეალურად არის დაინტერესებული ობიექტურ დასკვნებში, რათა არსებული პრობლემები გამოასწოროს და, მონიტორინგის თუ კვლევის განსახორციელებლად, გასცემს გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. 

საქართველო ჯერ ისევ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა, ინსტიტუციები აქ არამდგრადია, კარგად არ არის დაცული შტოთა ბალანსი, საზოგადოება კი, ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ ბიუჯეტის ფული ჩვენი საერთო ფულია და ხელისუფლება მას სახელმწიფო ინტერესებისთვის, მათ შორის, საკუთარი საქმიანობის ობიექტური მონიტორინგისთვის უნდა იყენებდეს. ამიტომ არის მაღალი რისკი იმისა, რომ სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მიღებაში Watchdog-ების ჩართვა, შესაძლოა, მათივე საქმიანობის შეზღუდვისკენ წავიდეს. ამ ტიპის ორგანიზაციებს, ჯერ ისევ სჭირდებათ დამოუკიდებელი გრანტები, დამოუკიდებელი შემოსავალი, რათა საქმიანობა შეუფერხებლად განაგრძონ.

ამასთან, არის სფეროები - სხვადასხვა სერვისის მიწოდება, კვლევა-ანალიზი, რომელიც, სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, არ ქმნის ასეთ საშიშროებებს. შესაბამისად, უნდა არსებობდეს სტანდარტი, წესები, ჩამოყალიბებული გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ეცოდინება, როგორ შეირჩა ესა თუ ის საკითხი, რომელიც საგრანტო დაფინანსებას იმსახურებს და ორგანიზაციები, რომლებზედაც გრანტი გაიცემა. გაწერილი უნდა იყოს, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმებაც. 

ნათელია ისიც რომ ჩვენ ირგვლივ მოქმედებენ ე.წ. გონგოები - ხელისუფლებასთან აფილირებული ორგანიზაციები და, ჩნდება კითხვები მეტწილად, ისინი ხომ არ იღებენ სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებას. ამდენად, გამჭვირვალობას ამ სფეროში - სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ღიაობას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ლევან ფანიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მთავარი იურისტი: საქართველოში სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი დაფინანსების სისტემის ერთიანი საკანონმდებლო სტანდარტების არარსებობაა. საკანონმდებლო აქტებით არ არის დადგენილი საგრანტო დაფინანსების გაცემის ერთიანი მინიმალური სტანდარტები და გრანტის გაცემის წესები, შესაბამისი საჯარო ინსტიტუციისთვის დადგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება. სხვანაირად რომ ვთქვათ, იმდენი სტანდარტი და წესი მოქმედებს, რამდენი გრანტის გამცემიც არის. გამჭვირვალობის ერთიანი სტანდარტების არარსებობა, ნაკლებად სანდოს ხდის პროცესს და დაფინანსების არაკეთილსინდისიერად გაცემის შესაძლებლობას ზრდის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კანონით დადგინდეს საჯარო ინსტიტუციების მიერ გრანტის გაცემის ძირითადი სტანდარტები, რომლებიც საკმარისად მკაფიო იქნება იმისთვის, რომ საგრანტო დაფინანსება სანდო და გამჭვირვალე პროცესად იქცეს. 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტებს გრანტის გაცემის უფლება არ გააჩნია, თუმცა მუნიციპალიტეტების ნაწილი გასცემს დაფინანსებას, რომელიც, თავისი არსით, საგრანტო დაფინანსების მსგავსია. ადგილობრივი თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია წახალისდეს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის მონაწილეობა, მათ შორის ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსების გზით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ გრანტის გაცემის უფლება, რომელიც დაეფუძნება კანონით დადგენილ გამჭვირვალობის ძირითად სტანდარტებს. 

ცალკე აღნიშვნას საჭიროებს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ უფლებადაცვით სფეროში გრანტის გაცემის საკითხი. ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ხაზს უსვამენ რა საქართველოს რეალობას, საკითხს სიფრთხილით უყურებენ და გარკვეულ რისკებს ხედავენ. შეიძლება, ეს რისკები მაღალი კონსტიტუციური გარანტიების არსებობამ გამორიცხოს, მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველისთვის უფლებადაცვით სფეროში გრანტის გაცემის უფლების მინიჭებამ. ამით, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემა, ასევე, შეძლებს, მოიცვას ისეთი სფეროები, რომლებიც დღეს სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიღმაა. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ აღიარა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმირების საჭიროება და ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში ასახა. აღნიშნული ერთი მხრივ, გულისხმობს საჯარო ინსტიტუციების მიერ გრანტის გაცემის მინიმალური სტანდარტების კანონით დადგენას, ხოლო მეორე მხრივ, მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გრანტის გაცემის უფლების მინიჭებას. მთავრობის მიერ ამ ვალდებულების აღების მიუხედავად, ჯერჯერობით არ არის ინიცირებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

მოამზადა მაკა ჯაიანმა

მსგავსი პოსტები