en
ge

„ცოდნის კაფეს“ შენების წარმატებული კამპანია გრძელდება...

„ცოდნის კაფეს“ შენების წარმატებული კამპანია გრძელდება...

„ცოდნის კაფე“ კახეთში დაარსებული სოციალური საწარმოა და ამავე დროს, რეგიონის ერთადერთი მრავალფუნქციური საგანმანათლებლო დაწესებულება. საწარმო აერთიანებს თანამედროვე ბიბლიოთეკას, სივრცეს არაფორმალური განათლებისთვის, კაფეს და წიგნების მაღაზიას, გაყიდვებიდან შემოსულ თანხას კი „ცოდნის ფონდის“ შექმნისთვის იყენებს. უკვე სამი წელიწადია „ცოდნის კაფეს“ ასაშენებელი კამპანია მიმდინარეობს, თუმცა პანდემიის გამო შარშან აქტივობები სრულად შეჩერდა, წელს კი ახალი იდეებითა და განახლებული ძალებით დაიწყო „ცოდნის კაფეს“ მშენებლობისთვის თანხების მოძიება. 

2021 წელს, „ცოდნის კაფეს“ გუნდმა, საქართველოს მასშტაბით წამოიწყო პროგრამა „ბუთქემფი“. თავისი არსით, ბუთქემფი ინტენსიური ტრენინგ კურსებით კონკრეტული საგნის, თემის შესახებ უნარების განვითარებას, გაუმჯობესებას და პრაქტიკული გამოცდილების შეძენას გულისხმობს. „ცოდნის კაფეს“ პროგრამა კი იმ თინეიჯერებისთვის შეიქმნა, რომლებსაც ბიზნესი, მარკეტინგი, ადამიანის უფლებები აინტერესებდათ. მთავარი მოტივაცია კი კახეთში საგანამანათლებლო სივრცის „ცოდნის კაფეს“ მშენებლობაში წვლილის შეტანა იყო. 

„ველოდით, რომ ბუთქემფის ფარგლებში, მაქსიმუმ 30-მდე სკოლა დარეგისტრირდებოდა, 10-ს შევარჩევდით და ეყოლებოდა 3 გამარჯვებული, თუმცა წარმოუდგენელი რამ მოხდა, აღმოვაჩინეთ, რომ 30 კი არა, 128 სკოლა იყო დარეგისტრირებული თითქმის ყველა რეგიონიდან“, ამბობს „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი. 

პირველ ეტაპზე, გუნდებმა ინტენსიური ონლაინ სემინარები გაიარეს და ამასთან, ჩაუტარდათ ლექცია თემაზე: „სამოქალაქო და სათემო სოლიდარობის მაგალითები“. მეორე ეტაპის პირველ ტურში კი წარმოადგინეს ბიზნეს გეგმა სტარტაპებისთვის და მიზნის მისაღწევად გადაეცათ საწყისი თანხა, 100 ლარის ოდენობით, რომელიც სულ მცირე, უნდა გაესამმაგებინათ. ამ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს ნახევარფინალის დავალების შესასრულებლად ქართული სტარტაპების დამფუძნებლებმა უხელმძღვანელეს. გუნდები, რომლებმაც მეორე ეტაპის პირველ ტურში მინიმუმ გაასამმაგეს საწყისი თანხა, თავიანთი წევრების სახელ-გვარებს, გუნდის და სკოლის სახელს „ცოდნის კაფეს“ მაშენებლების კედელზე იხილავენ.

„ოცივე მენტორი იყო ძალიან დაკავებული და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპების მფლობელები/დამფუძნებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი 1 კვირის განმავლობაში, სრულიად უსასყიდლოდ, მოხალისეობრივად, მხარს უჭერდნენ საკუთარ გუნდებს, აძლევდნენ რჩევებს, ცვლიდნენ კონტაქტებს, ცდილობდნენ საკუთარი გუნდი წარმატებული გაეხადათ იმ სტარტაპ იდეაში, რა იდეაც გუნდს ჰქონდა“, აღნიშნავს ქეთი მოლაშვილი. 

სტარტაპ იდეები გულისხმობდა ბრენდირებული პირბადეების, ინდივიდუალური კალმების, ღია ბარათების, დეკორატიული ყვავილების ნერგების, ტკბილეულის, ხელთნაკეთი აქსესუარების დამზადება-გაყიდვას...

17 დღეში 20-მა გუნდმა 35 000 ლარზე მეტის შეგროვება შეძლო სტარტაპ იდეების განხორციელებითა და ქრაუდფანდინგის კამპანიის შედეგად, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა. 

გაიმარჯვა გუნდა „ინოვატორმა” რომელმაც 7 დღეში, 2380 ლარის მობილიზება შეძლო. ახალგაზრდებმა ისწავლეს, როგორც სტარტაპების შექმნა და მართვა, ასევე, თანხების მოძიება და ორგანიზაციებთან, ბიზნესებთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა. მოულოდნელი იყო ამხელა თანხის მობილიზებაც და ახალგაზრდების უშრეტი მოტივაციაც. გუნდები, რომლებიც არც „ცოდნის კაფეში“ ყოფილან და არც ქიზიყში, სრული გააზრებით და პასუხისმგებლობით აცხადებდნენ, რომ მათ სურდათ საკუთარი აგური დაედოთ რეგიონის განვითარებისთვის და მზად იყვნენ ეშრომათ იმდენი, რამდენიც შეეძლოთ“, გვიყვება ქეთი მოლაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ 5 გუნდი კონკურსის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ბუთქემფის ფარგლებში დაწყებული სტარტაპების მართვას. პროგრამამ ახალი იდეებიც გააჩინა და გუნდი „მელო“ საკუთარ სოფელში ბიბლიოთეკის დაარსებასაც გეგმავს.

„ცოდნის კაფეს“ ასაშენებელი კამპანია გრძელდება, ამჟამად შენობის მწვანე კარკასისთვის გროვდება თანხა. აქამდე უკვე 53 000-მა მოქალაქემ შესწირა თანხა კამპანიას, მათ შორის ორგანიზაციებმა, ბიზნეს კომპანიებმა.

„ყველას შეუძლია თავისი წილი აგური დადოს სივრცის ასაშენებლად. მშენებლობას ზაფხულში ვიწყებთ. ვიცით, რომ თანხა საკმარისი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, დარჩენილის მობილიზებას მშენებლობის პარალელურად შევძლებთ. ვგეგმავთ, განვახორციელოთ TED Talks-ის მსგავსი პროგრამა ბუთქემფის გამარჯვებული 10 გუნდის მონაწილეობით, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხის მობილიზება შეძლეს და გაიმარჯვეს სხვადასხვა ნომინაციებში. ღონისძიება თბილისში გაიმართება და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, კვლავ ცოდნის კაფეს მოხმარდება“, ამბობს ქეთი მოლაშვილი. 

ცოდნის კაფე რეგიონში განათლების მიღების შესაძლებლობებს გაზრდის. რეგიონის ახალგაზრდებს ექნებათ სივრცე, სადაც მათი იდეები ხორცს შეისხამს და სურვილის შემთხვევაში, მათთვის ყველა მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ცოდნის კაფეს აქვს 60 + კლუბი, სადაც მოსახლეობა იკრიბება, ესწრება ტრენინგებს, ურთიერთობს ერთმანეთთან, სწავლობს ასაკის შესაფერისი საინტერესო საქმეების კეთებას და იხალისებს ყოველდღიურობას. სივრცის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ ადგილი პატარაა და ყველა მსურველი ვერ ახერხებს ღონისძიებებში მონაწილეობას, ეს კი „ცოდნის კაფეს“ ასაშენებლად კიდევ ერთი სარწმუნო მიზეზია. 

სივრცის ასაშენებელი კამპანიის მხარდამჭერია EWMI-ACCESS. თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კამპანიაში:

#ცოდნისკაფესთვის GE56BG0000000228253800

 მიმღები: ცოდნის კაფე, დანიშნულება: 1 აგური ცოდნის კაფეს

ავტორი: თეკლე ქაროსანიძე

მსგავსი პოსტები