ამჯერად, „ვოჩდოგებს“, ანუ, ასე ვთქვათ, „მოდარაჯე“ ორგანიზაციებს გაგაცნობთ. მოგიყვებით თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი საქმიანობა.
სხვადასხვა ლექსიკონში, ტერმინი „ვოჩდოგი“ განმარტებულია, როგორც პირი, ან პირთა წრე, რომელთა საქმიანობა არაკანონიერი ქმედებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოჩენისკენ არის მიმართული.
„ვოჩდოგები“ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებები და ჟურნალისტები, აქტივისტები. ისინი აკვირდებიან საჯარო ინსტიტუტებისა და იქ დასაქმებული ადამიანების საქმიანობას. მაგალითად, სახელმწიფო ტენდერების პროცესი – წარიმართა თუ არა კანონით დადგენილი წესით, როგორ გახარჯა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ბიუჯეტის თანხა და რა მიიღო საზოგადოებამ. ან მეორე მაგალითი – შეესაბამება თუ არა ბიუჯეტში ჩადებული პრიორიტეტები ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
საკითხთა ნუსხა საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია, ამიტომ მონიტორინგის შედეგები ხშირად, საზოგადოების ინტერესის და ხანგრძლივი განსჯის საგანი ხდება. შესაბამისად, ასეთი ორგანიზაციების საქმიანობა მნიშვნელოვანია და მათი ცნობადობა საზოგადოებაში მაღალია. მათ შორის, საქარველოშიც. მაგალითად: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებების ცენტრი, სამართლიანი არჩევნები და ასე შემდეგ.
ბევრ ქვეყანაში ასეთი ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების ინიციატივებმა შეუწყვეს ხელი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხარისხის გაძლიერებას. ანუ იმის დამკვიდრებას, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
თუმცა არიან ქვეყნები, სადაც ასეთ ორგანიზაციებს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებენ. ზოგ ქვეყანაში კი, დევნიან და იჭერენ კიდეც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს.