არასამთავრობო, ანუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საქართველოში ჯერ კიდევ მოიხსენიებენ ლათინური აბრევიატურით NGO.
იგი სიტყვა–სიტყვით ამ ორგანიზაციების იურიდიულ ბუნებას აღნიშნავს – არასამთავრობოს, არაკომერციულს.
რამდენიმე წლის წინ მსოფლიოში და საქართველოშიც ამ ორგანიზაციების მიმართვის ახალი ფორმა დამკვიდრდა CSO – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
რა ხეირი მოაქვთ მოქალაქეებისთვის?
გაგვიჭირდება ყველა მათგანის ჩამოთვლა, შესაბამისად მხოლოდ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:
- იცავენ მოქალაქეების უფლებებს;
- არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას ქმნიან;
- ბიუჯეტის განკარგვას ადევნებენ თვალს;
- მოწყვლად ჯგუფებს ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებს აწვდიან;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავენ;
- ქმნიან მოდელებს განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმისთვის;
- ხელს უწყობენ ადამიანის ღირსეულ და თანაბარ ცხოვრებას;
- იცავენ სიტყვის თავისუფლებას;
- დეზინფორმაციას ააშკარავებენ;
- რუსეთის ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან; და ა.შ.
ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქმიანობიდან გამომდინარე რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ.
1️⃣ პირველ ჯგუფს წარმოადგენენ „მოდარაჯე“ (watchdog) ორგანიზაციები.
ისინი ხელისუფლების საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს აკვირდებიან. მაგალითად ბიუჯეტის განაწილება, შესრულება, საპენსიო თანხების განკარგვა, სატენდერო პოლიტიკა, კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი, საარჩევნო სიები და არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ.
ასეთ ორგანიზაციებს საზოგადოება კარგად იცნობს, რადგან მათი მონიტორინგის შედეგები დიდ ყურადღებას იქცევს. მაგალითად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და ა.შ.
2️⃣ მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ანალიტიკური ორგანიზაციები (Think tank).
ისინი ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრით ფორმირებას. გარდა ამისა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოებასა და ხელისუფლებას სთავაზობენ მოდელებს, მოსაზრებებს, კვლევებს, საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს. მაგალითად როგორი უნდა იყოს ჰიდროელექტროსადგურების მიმართ დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა საქართველოში, ჯანდაცვის ან საარჩევნო რეფორმა და ა.შ.
ასეთ ორგანიზაციებია მაგალითად: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი და ა.შ.
3️⃣ მესამე ტიპი სერვისებზე მომუშავე ორგანიზაციები (service provider) გახლავთ.
ისინი სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევენ საზოგადოებას, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლება, ბავშვთა დღის ცენტრები და ა.შ. ასეთ ორგანიზაციებს ბევრი ადამიანი იცნობს, თუმცა მათ საზოგადოებრივ ორგანიზაციად ვერ აღიქვამენ. მაგალითად, სოციალური თერაპიის სახლი, პირველი ნაბიჯი, თემი ქედელი და ა.შ.
4️⃣ მეოთხე ჯგუფს განეკუთვნებიან სათემო ორგანიზაციები (Community Based Organization)
ისინი ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები - ზოგჯერ არაფორმალური ჯგუფები არიან. საქართველოში ძირითადად გეოგრაფიულ ერთობაზე დაფუძნებული სათემო ორგანიზაციები გვხვდება, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში არსებული პრობლემების მიმართულებით მუშაობენ. მაგალითად ნუკრიანის სახელოსნოები, თოლისკური, რაჭის სათემო ორგანიზაცია და ასე შემდეგ.
ესაა ორგანიზაციების საქმიანობის მიმართულებები, რომელიც სრულებით არ გამორიცხავს, რომ ერთი ორგანიზაცია ითავსებდეს ორ, სამ ან ოთხივე ფუნქციას.