„თავდაპირველად, როდესაც ვთქვი, რომ ეკოლოგი უნდა გავხდე-თქო, ყველა მეუბნებოდა, რომ შენ ქალი ხარ და შეიძლება არ გამოგივიდეს ეს საქმე... მაგრამ, ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის მიმეორებდნენ, ნინო შენ შეძლებ! თავს კარგად გაართმევ საქმეს! ძალიან მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე და დღეს ეკოლოგი ვარ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორ მოსაზრებად, რომ ამ საქმეს ქალი ვერ შეძლებს“, ამბობს სათემო რეინჯერი ნინო მაღრაძე.
ნინო ერთ–ერთია იმ ახალგაზრდა სათემო რეინჯერიდან, რომლებიც ორგანიზაცია „ნაკრესმა“ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან (ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ხარაგაული) შეარჩია პროექტის – თემის ჩართულობის გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ფარგლებში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესი“ 1989 წლიდან ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს. ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით წამოწყებულ ახალ პროექტში შერჩეული 15 ახალგაზრდიდან 6 ქალია. სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები სამოქალაქო პასუხისმგებლობამ, საინტერესო და სასარგებლო საქმის კეთებამ გააერთიანა. მათი საქმიანობა ითვალისწინებს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, კერძოდ ისინი მსხვილ ძუძუმწოვრებს აკვირდებიან. მონიტორინგი 2 მეთოდით ხორციელდება: კვალზე დაკვირვებით, რომელიც საშუალებას აძლევს სათემო რეინჯერებს მონაცემები შეაროვონ, აღწერონ და რუკაზე დაიტანონ. რაც შეეხება მეორე მეთოდს – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით – ფოტოხაფანგების მოწყობა და მათი საშუალებით ფოტომასალის ანალიზია.
ფოტოხაფანგების ობიექტივში, ეროვნული პარკის ფაუნის თითქმის ყველა წარმომადგენელი მოხვდა – მურა დათვი, მოთამაშე ბელები, კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი, მგელი. ფოტოხაფანგი ეს ერთგვარი კვლევაა, რომელიც ნათელ სურათს გვაწვდის თუ რომელი სახეობები ცხოვრებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, სად მიდიან ისინი, რას აკეთებენ, როგორც სძინავთ და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში მათ აღრიცხვასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ ის, რომ ბუნება ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და მისი დაცვა ჩვენთვის უნდა იყოს პრიორიტეტული“, ამბობს სათემო რეინჯერი.