თეთრა მღვიმე 30 000 წლიან ისტორიას ინახავს, წყალტუბოში მდებარე გამორჩეულ ადგილს რეაბილიტაციის შემდგომ ძველი სახე დაუბრუნდა და ახალი სიცოცხლეც შეიძინა. იგი უნიკალურია რამდენიმე ნიშნით – შესაძლებელია სპელეო–გამაჯანსაღებელი თერაპიის მიღება. ასევე შეხვედრების გამართვა, თუმცა მთავარი ინოვაცია მღვიმის მიკროკლიმატის პირობებში ღვინის დაძველება და დეგუსტაციის შესაძლებლობაა.
მსოფლიოში ასეთ მომსახურებას ძალიან ცოტა მღვიმე სთავაზობს ვიზიტორებს. თეთრა მღვიმის პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია საქართველოში ინოვაციური ტურისტული სერვისების დანერგვისა და, ასევე, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის.
2020 წელს, წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAG წყალტუბო) მიერ, ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში თეთრა მღვიმის რეაბლიტაციის პროექტმა გაიმარჯვა. ასე დაიწყო უძველესი მღვიმის ახალი სიცოცხლე.
LAG წყალტუბო სულ მალე, 2021 წლის შემოდგომაზე, გამოცხადებს საგრანტო კონკურსის კიდევ ერთ რაუნდს, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს წარადგინონ საპროექტო იდეები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ განვითარებას.
LAG წყალტუბო ღია სამოქალაქო პლატფორმაა, რომელიც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დემოკრატიული არასამთავრობო, აპოლიტიკური გაერთიანებაა, სადაც მოხალისეობრივად გაწევრიანება შეუძლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს. ორგანიზაცია მუშაობს ადგილობრივი განვითარების სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სათემო და სოციალური სერვისების, ახალგაზრდობისა და კულტურულ-სპორტული, გარემოსდაცვის მიმართულებით.
წყალტუბოს განვითარების ჯგუფის მიერ უკვე შემუშავებულია წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. ასევე დაიწყეს ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უნდა ეფუძნებოდეს ადგილობრივი მცხოვრებელების ინტერესებსა და საჭიროებებს. „რაც წყალტუბოელებისათვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, ის აუცილებლად იქნება ჩვენი ქალაქის სტუმრებისთვისაც მიმზიდველი."