ფიქრია ბერიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებს გაკვეთილებს მოხალისეობრივად უტარებს.
უკვე 26 წელია, ის ამბროლაურის სოფელ ურავის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია. მისი თქმით, კი ბავშვების მეგობარი, რაც გულისხმობს ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ბავშვის სიყვარულს.
ფიქრიამ „დროის ბანკზე“ ნახა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ მოხალისეებს, რომლებიც შშმ ბავშვებს ზღაპრებს წაუკითხავდნენ.
„დროის ბანკი“ მოხალისეობის პლატფორმაა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „განათლების და დასაქმების ცენტრმა“ შექმნა. ცენტრი 2008 წლიდან ფორმალური თუ არაფორმალური განათლების, დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაწყვეტის გზებზე მუშაობს. მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი „დროის ბანკი“ მოხალისეებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.
მრავალი ადამიანის მსგავსად ფიქრიას ბევრი არ უფიქრია ზღაპრების კითხვა მადლიან შეთავაზებად მიიჩნია და ასე დაიწყო მოხალისეობა. გაკვეთილები სრულად ბავშვების ინტერესებზეა აგებული. კითხვა-პასუხის რეჟიმში სამყაროს გარშემო მოგზაურობენ და ათას საოცრებას განიხილავენ. „მათთვის კიდევ ერთი მეგობარი ვარ, რომელიც ჯერ რეალურად არც კი უნახავთ. შეიძლება ვერაფერი შევცვალო, მაგრამ დროის პატარა მონაკვეთს, ვფიქრობ შევავსებ ჩემი ამბებით სამყაროს შესახებ. "
აფასებს იმას, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლებისთვის უკვე შექმნილია, თუმცა ზოგი ბენეფიციარისთვის მსგავსი ცენტრები ხელმისაწვდომი არ არის, ტერიტორიული მდებარეობის თუ ოჯახის დამოკიდებულების გამო. ფიქრიას აზრით, საჭიროა მეტი საგანმანათლებლო ცენტრი, ხელმისაწვდომობა, მეტი შესაბამისი განათლების მქონე პედაგოგი, თანამშრომელი და... მოხალისეობის სურვილი. „ყველა შესაძლებლობის ადამიანში დევს რაღაც ნიჭი. მას პოვნა და გაღვივება უნდა".