en
ge

„ტყავის ჩანთა“ - საერთო სარგებლობისთვის

„ტყავის ჩანთა“ - საერთო სარგებლობისთვის

ვიკიპედიაც გეტყვით, რომ „ბიუჯეტი“ იმდენად ძველი სიტყვაა, რომ ლათინურშიც გვხვდება და, ისევე, როგორც ფრანგულსა და ინგლისურში, ტყავის ჩანთას, სფულეს ან ტომარას ნიშნავს. თანამედროვე გაგებით, ბიუჯეტი შემოსავლების განაწილების სისტემაა და არსებობს ყველაგან, სადაც ფინანსების მართვის საჭიროება წარმოიქმნება. ბიუჯეტი შეიძლება ჰქონდეს პიროვნებას, ოჯახს, კომპანიას, ორგანიზაციას და, რაღა თქმა უნდა, სახელმწიფოს. ჩვენი ინტერესის საგანს სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს. 

ოფიციალური განმარტებით, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა. 

ბიუჯეტი წარმოადგენს გეგმას, თუ როგორ უნდა დახარჯოს მთავრობამ მის მიერ მობილიზებული თანხები. რა ღონისძიებები უნდა იქნეს დაფინანსებული და როგორ უნდა განაწილდეს შემოსავლები სხვადასხვა სფეროებზე. კერძოდ, განათლებაზე, თავდაცვაზე, ჯანმრთელობაზე, სოციალურ დაცვასა და ა.შ. სხვა მიმართულებებზე. ბიუჯეტი განსაზღვრავს მთავრობის მიერ ასაღები სახელმწიფო ვალისა და სესხების ლიმიტებს. თუ ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს, მთავრობამ უნდა აიღოს გარკვეული ვალი, რათა დაფაროს მისი მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების ხარჯები და გადაიხადოს გასული წლების ვალები“ („მოქალაქის გზამკვლევი 2021“, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო). 

მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო უწყებები ჩვენგან - მოსახლეობისგან, სხვადასხვა გადასახდელის სახით აგროვებენ თანხებს, საჭიროებისამებრ, იღებენ საგარეო ვალს, უკეთეს შემთხვევში - მოიპოვებენ გრანტებს და აფინანსებენ პროგრამებს, რომელმაც ჩვენი - მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა განაპირობოს. ვინაიდან გრანტის სახით მოპოვებული თანხა საჩუქარია, საგარეო ვალის დაბრუნება კი ისევ ბიუჯეტის ასიგნებებით ანუ ჩვენგან მიღებული შემოსულობებით ხდება, ნათელია, რომ ხელისუფლება ჩვენთვის განკარგავს ჩვენივე ფულს და მისი ფუქნცია ამ საქმის კარგად შესრულებაა. 

თეზა, რომ ხელისუფალნი ბიუჯეტს ისე განკარგავენ, როგორც თავად მიიჩნევენ საჭიროდ, რომ ეს სულ ასე იყო და ასე იქნება, მოძველდა. სამოქალაქო საზოგადოება იმიტომაც არის სამოქალაქო, რომ მსგავსი დრომოჭმული და, პირდაპირ უნდა ითქვას, მავნებლური სტერეოტიპები შეცვალოს. ამ მიზნით მუშაობენ საზოგადოებირივ ორგანიზაციები (სსო-ები), მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვისა და განვითარებისთვის. ამ მიმართულების მიზანს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მოქალაქეთა საჭიროებისამებრ განკარგვის ნაწილია სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებაც, რაც საჯარო ინსტიტუტებმა 2010 წლიდან დაიწყეს. თავიდან, ისინი მხოლოდ სამეცნიერო გრანტებს გასცემდნენ, მაგრამ, 2012 წლიდან გაფართოვდა გრანტების თემატიკა და გაიზარდა გრანტის გამცემი ორგანიზაციების რაოდენობა. დღეს, სახელმწიფო გრანტების გაცემა, მათ შორის საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, შეუძლია ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ყველა სამინისტროს, ათზე მეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. თუმცა, არსებობს ხარვეზები, რომელიც სსო-ებს სახელმწიფო გრანტების მიღებისადმი უნდობლობას უჩენს. 

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო გრანტების გაცემისა და მონიტორინგის საერთო სტანდარტების არარსებობაა, ერთგვარი თეთრი ლაქა მოქმედ კანონმდებლობაში, შიდა რეგულაციებში, რისი აღმოფხვრაც გამჭვირვალობას და ამ პროცესისადმი სანდოობის გაზრდას უზრუნველყოფდა. სსო-ების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ ისევ მყიფე დემოკრატიის პირობებში მცხოვრებ საქართველოში, სადაც სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი სუსტია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილის, ე.წ. Watchdog-ების მიერ ამ ტიპის დაფინანსების მიღება გარკვეულ რისკებს შეიცავს. სხვაგვარია დამოკიდებულება იმ ტიპის სსო-ებისადმი, რომლებიც მუშაობენ სერვისების მიწოდების, კვლევების მიმართულებით - მათი მხრიდან სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მიღება სარისკოდ ნაკლებად მიიჩნევა. 

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მიღება საერთაშორისო პრაქტიკაა. იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებები რეალურად არიან დაინტერესებული არსებული ხარვეზების გამოსწორებით და ამისთვის ობიექტური კვლევებისა და ანალიზის მოპოვებას ესწრაფვიან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, მათი სპეციფიკის მიუხედავად, სახელმწიფო გრანტები სისტემატურად გაიცემა. ასე ხდება, მაგალითად, გერმანიაში და ეს ერთადერთი მაგალითი არ არის. 

სიფრთხილე, რომლითაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფო გრანტების საკითხს ეკიდება, გასაგებია. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, მათ შორის, უმთავრესი, რაღა თქმა უნდა, საჯარო ინსტიტუციების მიერ გრანტის გაცემის მინიმალური სტანდარტების კანონით დადგენაა (სახელმწიფომ უკვე აღიარა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმირების საჭიროება და ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში ასახა კიდეც). 

სახელმწიფო ბიუჯეტი მოსახლეობის შრომით შექმნილი „ტყავის ჩანთაა“ და მისი საერთო სარგებლობისთვის გამოყენება მოქალაქეების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით უნდა ხდებოდეს. სახელმწიფო გრანტი კარგი რესურსია იმისთვის, რომ მოსახლეობის ფული მოსახლეობასვე მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოხმარდეს.

მაკა ჯაიანი

მსგავსი პოსტები