en
ge

თვითორგანიზების უნიკალურის მაგალითი – ქვემო მაჩხაანის თეატრი

თვითორგანიზების უნიკალურის მაგალითი – ქვემო მაჩხაანის თეატრი

სოფელ ქვემო მაჩხაანის მოსახლეობის 150 წლის წინანდელი სათემო მუშაობისა და თვითორგანიზების უნიკალური მაგალითია თეატრი, რომლის ასაშენებლად სოფლის თითოეული მკვიდრი 9 წლის განმავლობაში ფულს აგროვებდა. მათ ეს შეძლეს, 1899 წლის 25 ივლისს ქვემო მაჩხაანის თეატრი გაიხსნა სპექტაკლით „ხანუმა“.

შენობის არქიტექტორი უცნობია. აგურით ნაშენი 2 სართულიანი შენობა კარგად ერწყმის სოფლის ურბანულ გარემოს და ამავე დროს მისი შიდა არქიტექტურული კონცეფცია იმდროინდელი ევროპული თეატრების მსგავსია – შენობა ითვალისწინებს სამკითხველო სივრცეს და სხვადასხვა დისკუსიებისა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას.

ქვემო მაჩხაანის თითოეული მცხოვრები ჩართული იყო სოფლისთვის საჭირო სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებაში – სახავდნენ პრიორიტეტებს სოფლის ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სხვა მიმართულებით და შემდეგ, სხვადასხვა ხერხებით მოიძიებდნენ სახსრებს. მათი თვითორგანიზების და ინიციატივების შედეგი ასეთია: სკოლა, სამკითხველო, თეატრი, სახალხო სახელოსნო დეპო–ბანკი, აფთიაქი და ა.შ.

ქვემო მაჩხაანის მსგავსად, საქართველოს ოკუპაციამდე, თემის თვითორგანიზების უამრავი საინტერესო ისტორია სათემო განვითარების ცენტრმა (CDC) და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა (CCA), ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით, მოიძიეს და წიგნად გამოსცეს.

1921 წლის ოკუპაციამ ყველანაირი მოტივაცია და ინიციატივა ისევე ჩააქრო მაჩხაანშიც, როგორც საქართველოს სხვა სოფლებსა თუ რეგიონებში. მას შემდეგ, იშვიათად თუ გაისმებოდა ხოლმე სოფელში ინიციატივები. დღეს კი, გამოჩნდნენ სიახლესა და კულტურას მოწყურებული ახალგაზრდები. ამის ერთ–ერთი მაგალითია კამპანია, რომელიც ქვემო მაჩხაანის თეატრის მეორე სიცოცხლის შანსია. ისინი იწვევენ სხვადასხვა ქალაქების თეატრებს, ქვემო მაჩხაანში სპექტაკლების გასამართად.

#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები