რას ნიშნავს ცილისწამება და როგორ უნდა განვასხვავოთ იგი სიტყვის თავისუფლებისგან? როგორ უნდა დავიცვათ თავი ცილისწამებისგან? როგორ უნდა ვებრძოლოთ მას ისე, რომ სიტყვის თავისუფლება არ დაზარალდეს? ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი მარინე კაპანაძე მოგვიყვება.
ესაუბრა მაკა ჯაიანი
- დავიწყოთ განმარტებით - კლასიკური გაგებით, რა მიიჩნევა ცილისწამებად?
- ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება სხვა პირზე, რაც ზიანს აყენებს მას. ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური ან მორალური და, როგორც წესი, დაკავშირებულია პირის ღირსებისა და პატივის შელახვასთან, მისი სახელის გატეხვასთან. ცილისწამებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საჯაროდ დაფიქსირებული აზრი პიროვნებაზე, რომელიც შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება და შეუძლებელია მისი სისწორისა თუ მცდარობის გადამოწმება. მაგალითად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ფადი ასლის მიერ ერთ-ერთ მოსამართლესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, - რომ ის იყო „კორუმპირებული“, - მოსაზრებად მიიჩნია, შესაბამისად, ეს შემთხვევა არ ჩაითვალა ცილისწამებად.
- საინტერესო მაგალითია... როგორ განვსაზღვრავთ სიტყვის თავისუფლებას?
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მოიცავს ნებისმიერი ფორმით (იქნება ეს წერილობითი, ვერბალური, ხელოვნების ნიმუშით გამოხატული და ა.შ.) აზრის/ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების უფლებას. ამ უფლების ნაწილად მიიჩნევენ, ასევე, მედიისა და ხელოვნების თავისუფლებას.
- შეგვიძლია ვთქვათ, სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის?
- ცილისწამება ის ქმედებაა, რის გამოც დაშვებულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ამ შემთხვევაში ამოსავალს წარმოადგენს ცილისწამების მსხვერპლის პირადი ცხოვრების უფლების და ღირსების დაცვა, როგორც სიტყვის თავისუფლების საპირწონე სიკეთე. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორად გავიაზროთ ცილისწამების შინაარსი და ის შემთხვევები, რომელიც ექცევა მასში. როგორც უკვე აღინიშნა, არ შეიძლება პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს გამოთქმული მოსაზრების გამო. შესაბამისად, ცილისწამებად უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება, რომელიც ზიანს აყენებს ამ პიროვნებას.
- როგორ ფიქრობთ, ქმნის თუ არა ცილისწამება პრობლემას ადამიანის, მოვლენის შესახებ სწორი აზრის ჩამოყალიბებისას?
- ცილისწამებამ, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს კონკრეტული ადამიანის, მოვლენის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და სწორედ ამიტომაცაა, რომ, ამგვარი ზიანის არსებობის შემთხვევაში, ცილისწამების მსხვერპლს აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ცილისწამების პირობებში ჩამოყალიბებული აზრის გაბათილების საუკეთესო იარაღი საპირისპირო ინფორმაციის გავრცელებაა.
- გეთანხმებით, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც საზოგადოებას ყალბ თუ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს განსაკუთრებით დიდი დოზებით აწვდიან. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში. არ მიგაჩნიათ, რომ ამ დროს ცილისწამების დონე მნიშვნელოვნად იზრდება?
- აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ცილისწამება და პოლიტიკურ დებატებში გამოთქმული „ბრალდებები“. ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ ეს უკანასკნელი იზრდება და არა ცილისწამების შემთხვევები, როგორც ასეთი. გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკურ დებატებში გამოთქმული მოსაზრებები არ მიიჩნევა ცილისწამებად და, ზოგადად, პოლიტიკური გამოხატვა სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაცული სფეროა.
- ზოგადად, როგორ იცავს კანონი ადამიანებს ცილისწამებისგან საქართველოში?
- 2004 წლამდე ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენდა. თუმცა, თანამედროვე სტანდარტებით, აღნიშნული მიდგომა გამოხატვის თავისუფლებაში გადამეტებულ ჩარევად მიიჩნევა. ის, რომ ცილისწამება დღეს დასჯადი არაა, არ ნიშნავს იმას, რომ, ცილისწამების შემთხვევაში, პირი სრულად არის გათავისუფლებული პასუხისმგებლობისგან. ეს საკითხი წარმოადგენს სამოქალაქო დავის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელეს შეუძლია ცილისწამებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
- რა ხდება, ამ თვალსაზრისით, განვითარებულ ქვეყნებში?
- განვითარებულ ქვეყნებში ცილისწამება, ასევე, სამოქალაქო დავის ნაწილია.
- დავუბრუნდეთ სიტყვის თავისუფლებას - მას როგორ იცავს ქართული კანონმდებლობა?
- სიტყვის თავისუფლების განმამტკიცებელი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუციაა. ქვეყნის ძირითადი კანონი აღიარებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას და დაუშვებლად მიიჩნევს მის შეზღუდვას, გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გარდა კონსტიტუციისა, ეს უფლება დაცულია სპეციალური კანონით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.
- რას იტყვით, როგორ უნდა ვებრძოლოთ ცილისწამებას ისე, რომ არ დაზარალდეს სიტყვის და გამოხატვის?
- ცილისწამების წინააღმდეგ საბრძოლველად დღეს მოქმედი სამართლებრივი მექანიზმი (სამოქალაქო დავა, მტკიცების ტვირთის გადანაწილება და ა.შ.) საუკეთესო გზაა ამ ბალანსის მისაღწევად. ეს ბალანსი დაირღვევა სწორედ იმ შემთხვევაში, თუკი ცილისწამებისათვის ისევ ამოქმედდება სისხლისსამართლებრივი ან თუნდაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ან შებრუნდება მტკიცების ტვირთი.