en
ge

ვინ არიან სათემო ორგანიზაციები?

ვინ არიან სათემო ორგანიზაციები?

საქართველოში ტერმინი „თემი“ ძირითადად ტერიტორიულ ერთეულთან ან ადგილობრივ საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან ასოცირდება. მაგალითად ხევსურული თემი და ა. შ.

დროთა განმავლობაში, „თემის“ მნიშვნელობა გაფართოვდა და საერთო ინტერესების, ღირებულებების მქონე ადამიანების ერთობად იქცა. მაგალითად შშმ პირთა ორგანიზაციები, პედაგოგთა ან მშობელთა ორგანიზაციები და ა.შ. ასეთი ორგანიზაციები ძირითადად თემის წევრთა უფლებების მიმართულებით მუშაობენ. ეს შეიძლება იყოს განათლება, სოციალური თუ ჯანდაცვის სფეროები.

თუმცა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც უფრო გავრცელებულია გეოგრაფიული ტიპის ერთობები. მათ წევრებს, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, ერთნაირი ინტერესი, პრობლემები, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ და სწორედ მათი მოგვარების მიზნით, ერთობლივად მუშაობენ.

ამ პრინციპით შექმნილი ერთობები მცირე ზომის ორგანიზაციებია, რომელთა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით არის რეგისტრირებული, ნაწილს კი, საინიციატივო ჯგუფის სახე აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი საქმიანობა მრავალფეროვანია და უკავშირდება ადგილებზე არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს, გარემოს დაცვას, ტრადიციულ რეწვას, ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას და ა.შ. (ვრცლად სათემო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ).

სადაც სათემო ორგანიზაციები მუშაობენ, მოსახლეობა სოციალურად აქტიურია და თემის წინაშე არსებული პრობლემების (ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.) წამოწევასა და მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიშზე დაყრდნობით, კახეთში მომუშავე ერთ–ერთი ორგანიზაციის „ვარდისუბნის“ პროექტზე მოგიყვებით, რომელიც სარწყავი სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. პროექტმა დადებითი გავლენა მოახდინა თემის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. 

პროექტი ორი ნაწილისგან შედგებოდა - სარწყავი სისტემის შეძენა და მონტაჟი და ახალი სისტემით სარგებლობისთვის ტრენინგები.

„წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟი განხორციელდა 2000 კვ. მეტრ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე (შერჩეულ 10 ოჯახში). წვეთოვანმა სარწყავმა სისტემამ 35%-ით გაზარდა მოსავლიანობა. ამას ემატება ისიც, რომ მომდევნო პერიოდში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თავადვე გააფართოვეს დაფარვის არეალი და საკუთარი ხარჯით საკუთარი ნაკვეთი წვეთოვანი ქსელით დაფარეს“, ნათქვამია კვლევაში.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ იქ სადაც სათემო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ, აქტიურია თავად თემი. ეს მაგალითიც ამას მოწმობს – წვეთოვანი სისტემის შესაძენად თავდაპირველად თემის ფულადი წვლილის სახით მოგროვილი თანხა დაიხარჯა და ასევე აქტიურად მონაწილეობდა პროექტის განხორციელებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 200–მდე სათემო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფია.


მსგავსი პოსტები