en
ge

რა არის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი – FATF?

რა არის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი –  FATF?

გაინტერესებთ რა არის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF)? რატომ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) – 1989 წელს, პარიზის სამიტზე, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა გადაწყვეტილებით შეიქმნა.

დიდი შვიდეული მსოფლიოს წამყვან, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს აერთიანებს – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და აშშ.

ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) მთავრობათშორისი დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავება.

ფინანსური ქმედების სპეციალურმა ჯგუფმა (FATF) შეიმუშავა 40 რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტად იქცა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. სტანდარტები მოიცავს ყველა სფეროს.

რა არის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი (MONEYVAL)? 

ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი (MONEYVAL) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) ერთ–ერთი წევრია. თავის მხრივ, საქართველო MONEYVAL–ის წევრია.

ყოველწლიურად, 40 სტანდარტის მიხედვით, ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი აფასებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას, სისტემის ეფექტიანობას, ახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას და გასცემს რეკომენდაციებს.

მაგალითად 2020 წლის შეფასების ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ 40 რეკომენდაციიდან სრულად შეასრულა 6, მეტწილად 21, ნაწილობრივ – 12, ხოლო შეუსრულებელი დარჩა 1, კერძოდ მერვე რეკომენდაცია.

რა არის მე–8 რეკომენდაცია და ვის ეხება იგი? 

ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ შექმნილი სტანდარტებიდან მე–8 რეკომენდაცია, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, არაკომერციულ სარისკო ორგანიზაციებს უკავშირდება. 

იმისთვის, რომ ქვეყნებში ამ რეკომენდაციის ინტერპრეტაცია, არასწორად გამოყენება არ მოხდეს საჭიროა სწორი მეთოდოლოგიით და ზუსტი მონაცემებით შეფასდეს შესაძლო რისკები და გატარდეს თანაზომიერი ღონისძიებები.

რას გულისხმობს რისკზე დაფუძნებული მიდგომა? 

იგი მოიცავს: რეალური რისკის შეფასებას, მიზნობრივ განსაზღვრას და პროპორციულ ზომებს. 

რისკზე დაფუძნებული მიდგომა – ღონისძიებები უნდა ეფუძნებოდეს რეალურ რისკებს. 

მიზნობრივი მიდგომა - ღონისძიებები უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გამოვლინდნენ, როგორც რისკის მატარებლები. 

პროპორციული – რისკის დონისა და არასამეწარმეო იურიდიული პირის შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ზომების გატარება. 

სახელმძღვანელო პრინციპი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ღონისძიებებმა არ უნდა შეაფერხოს და ხელი არ უნდა შეუშალოს არაკომერციული იურიდიული პირების ფუნქციონირებასა და საქმიანობას.

რომელი სტრუქტურა კურირებს პროცესებს საქართველოში? 

2019 წლის 30 ოქტომბრიდან მოქმედებს საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“. 

საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე კომპეტენტურ უფლებამოსილ სახელმწიფო საზედამხედველო სტრუქტურას წარმოადგენს სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეფასების დოკუმენტზე მუშაობის სამი მოდელი არსებობს: 

1.პროცესი მიმდინარეობს სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობით, ერთობლივად; 

2.სახელმწიფოს მიერ მართულ პროცესში, მონაწილეობას იღებს სამოქალაქო სექტორი და მონიტორინგს უწევს არსებულ პროცესს; 

3.სახელმწიფო არ რთავს სამოქალაქო სექტორს პროცესში და ის დამოუკიდებლად ამზადებს ჩრდილოვან რისკის შეფასების დოკუმენტს.



მსგავსი პოსტები