საქართველოს ყველა რეგიონში მუშაობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვა. მათ ხშირად სოციალური სერვისების მიმწოდებელ (service provider) ორგანიზაციებსაც უწოდებენ.
მათი საქმიანობის მიმართულება ფართოა – განათლება, ჯანდაცვა, ბავშვთა და მოზარდთა ცენტრები, თავშესაფრები, ინკლუზიური განათლება, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, საადვოკატო სერვისები და ასე შემდეგ.
მათი ნაწილის როლი და საქმიანობა განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა თვალსაჩინო, რაც ქვეყანაში სამზრუნველო დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დაიწყო და იქ მყოფი ადამიანების მიმართ ზრუნვის საჭიროება დადგა დღის წესრიგში. ასეთ ორგანიზაციებს ბევრი ადამიანი იცნობს, განსაკუთრებით იმ თემის წარმომადგენლები, რომელთა განვითარებაზეც მიმართულია ორგანიზაციების რესურსები. მაგალითად სოციალური თერაპიის სახლი, პირველი ნაბიჯი, თემი „ქედელი“, ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, ზიანის შემცირების ქსელი და ასე შემდეგ.
მათი სერვისების უმეტესობა (შინმოვლა, დღის ცენტრები სხვადასხვა ბენეფიციარებისთვის, ელიმინაციის თუ სხვა პროგრამები) უფასოა და იგი შემოწირულობებით, ბენეფიციართა ვაუჩერული დაფინანსების სისტემით და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.