en
ge

ოდა ქეა - სახლი, რომელიც ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე და მათ მზრუნველებზე

ოდა ქეა - სახლი, რომელიც ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე და მათ მზრუნველებზე

„ოდა ქეარ“-ი 2019 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების მიერ დაარსდა. გურიის რეგიონში ბავშვის ადრეული განვითარების სერვისი ხელმისაწვდომი არ იყო, რის გამოც მშობლებს საცხოვრებლის დატოვება და მომსახურების სხვა რეგიონში მიღება უწევდათ. ამ ორგანიზაციის ძალისხმევით, 2020 წლიდან შშმ ბავშვთა/პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღება უკვე გურიაშიც არის შესაძლებელი.

ODA Care-ზე და მის გეგმებზე ორგანიზაციის წარმომადგენელი მედეა შარაშიძე გვესაუბრა.


ქალბატონო მედეა, ორგანიზაციის სახელწოდებას (ოდა) ხომ არ აქვს სპეციფიკური ახსნა?

ორგანიზაციის სახელწოდება ასე შეგვიძლიათ ავხსნათ: „ოდა“ გურიაში პატარა სახლია, თბილი და კომფორტული. Care ინგლისურიდან ზრუნვას ნიშნავს. „ოდა ქეარი“ არის სახლი, რომელიც ზრუნავს ბავშვთა/მშობელთა განვითარების ხელშეწყობაზე.

თქვენი ორგანიზაციის ადვოკატირების შედეგად, გურიის რეგიონში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა დაინერგა (აუტისტური სპექტრის მქონეთათვის). ODA Care ერთადერთი ორგანიზაციია, რომელსაც გურიაში ეს მომსახურება აქვს. რას გულისხმობს სერვისი და როგორი იყო დანერგვის პროცედურები? რამდენ ბენეფიციარს ემსახურებით? 

ორგანიზაცია „ოდა ქეარ“-ი არის გურიის რეგიონში  ბავშვთა ადრეული განვითარების და აუტიზმის პროგრამის სერვისის მიმწოდებელი.

„ოდა ქეარი“ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონის მასშტაბით მომსახურებას უწევს 45 ბენეფიციარს. ეს პროგრამა გულისხმობს 0-7 წლამდე ასაკის, განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ, რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და მიწოდებას. პროგრამის მიზანია: ბავშვის კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხებისა და მიტოვების პრევენცია.

„ოდა ქეარ“ - არის პირველი ორგანიზაციაა გურიაში, რომელმაც „ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს კარიტასის“ დაფინანსებით დაიწყო გურიის რეგიონში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის პროგრამა (ABA) - ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდით მიმდინარე თერაპიის განხორციელების უზრუნველყოფა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ორგანიზციამ პროგრამის განვითარებისა და  სერვისის დაფინანსების კუთხით, განახორციელა ადვოკატირება გურიის (ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) სამივე მუნიციპალიტეტში. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მუნიციპალური დაფინანსებით, პროგრამაში ჩართულია 14 ბენეფიციარი. ორგანიზაცია აგრძელებს მჭიდრო ურთიერთობას ადგილობრივ თვითმართველობებთან.

გურიაში მშობელთა საინფორმაციო ცენტრიც ფუნქციონირებს. ეს ცენტრი ODA Care-ს ეკუთვნის? როგორ აძლიერებს ცენტრი მშობლებს?

 გურიაში ფუნქციონირებს „მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი“, რომელიც მომსახურებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს. ძირითადი მიმართულებებია: ცნობიერების ამაღლება, მხარდაჭერილი რეფერალი, ურთიერთდახმარება, უფლებების დაცვა და სხვა. „მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი“ არის ჩვენი დამფუძნებელი და  პარტნიორი ორგანიზაცია.

ამ ეტაპზე რაზე მუშაობს ორგანიზაცია? რა პროექტს ახორციელებს ან გეგმავს განხორციელებას? რა გეგმები გაქვთ? 

ორგანიზაცია სამივე მუნიციპალიტეტში (ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითრების პროგრამას. ასევე, სამივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე მიიღონ საჭირო სერვისი, ცენტრის პირობებში.

„ოდა ქეარ“-ის სამომავლო გეგმები აბილიტაცია - რეაბილტაციის სერვისის დანერგვაა. ამისთვის კი უკვე ვდგამთ აქტიურ ნაბიჯებს.


ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე

მსგავსი პოსტები