en
ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

გაიცანით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მიზანია მედიის პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობის ამაღლება თვითრეგულირებადი მექანიზმის საშუალებით.

● „დეზინფორმაციას, განსაკუთრებით კი ანტიდასავლურ პროპაგანდას, ზიანი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ანტიდასავლური გზავნილები, რომელიც ხელს უშლის ქვეყანის ევროინტეგრაციის პროცესს.

● დეზინფორმაციის საკითხებზე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. აუცილებელია სახელმწიფომაც გადადგას ნაბიჯები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ამავდროულად, ამ ნაბიჯებმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მედიის თავისუფლებას.

● ეთიკის ქარტია თვითრეგულირების ორგანოა, რომლის მიზანიცაა ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია მედიაში. თვითრეგულირება გულისხმობს, რომ მედიამ დაშვებულ შეცდომებზე აიღოს პასუხისმგებლობა და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

● ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საკუთარი მისიის ფარგლებში, იხილავს ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტებს ქარტიაში შესული განცხადებების საფუძველზე; ორგანიზაცია ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას ჟურნალისტურ მასალაში ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს ქარტიას.

●ქარტიას მართავს საბჭო, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს განიხილავს. საბჭოს წევრი ირჩევა 3 წლის ვადით საერთო კრებაზე ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ. ქარტიის ხელმომწერი ამ დროისთვის 300–ზე მეტი ჟურნალისტია.

●საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასევე ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად; ატარებს მედიის მონიტორინგს, კვლევებს და გამოსცემს პროფესიულ ლიტერატურას; ლობირებს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას და ჯანსაღი და თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას.

● ორგანიზაცია 2009 წელს დაფუძნდა, იმ ხანად 137 ჟურნალისტი გაერთიანდა ეთიკის 11 პრინციპის ირგვლივ, რომელიც ევროპის საბჭოს „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას“ და ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ „ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას“ ეფუძნება“.

მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

#11პრინციპი

#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები