24042 რეგისტრირებული, 2000–მდე მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა საქართველოში (2018 წლის მონაცემებით). ისინი ერთმანეთისგან საქმიანობის სფეროებით (რომელიც საკმაოდ ფართოა), ისტორიით, გამჭვირვალობის, მუშაობის ხარისხით, ცნობადობით და კიდევ ბევრი პარამეტრით განსხვავდებიან. განსხვავებულია მათი შემოსავლის წყაროები.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემოსავლის რა წყაროები არსებობს? საზოგადოებაში მხოლოდ ერთი წყაროა ყველაზე ცნობილი – გრანტი. ამ სიტყვის ხსენებაზე საზოგადოების ნაწილს სტერეოტიპული შეხედულება უტივტივდება თავში – რომ გრანტებს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ. რაც არასწორია, გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, სახელმწიფოც გასცემს, თუმცა მისი წილი სსო–ების შემოსავლების საერთო მოცულობაში რადიკალურად განსხვავებულია.
მაშ ასე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემოსავლის წყაროებია: საერთაშორისო დონორების ან ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები, საწევრო შენატანები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, შემოწირულობა და სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება (გრანტი, სუბსიდია).
ბოლო მონაცემებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთაშორისო დაფინანსებაზე დამოკიდებულება ჯერ კიდევ გადაულახავ პრობლემად რჩება. სხვადასხვა მონაცემებით, სსო–ების საერთო შემოსავლების 95–80% საერთაშორისო საგრანტო დახმარებას წარმოადგენს. ეს საყურადღებო მონაცემია, მით უმეტეს დონორი ორგანიზაციების დაფინანსების ოდენობის ცვლილების ფონზე, რამაც შესაძლოა გააუარესოს სსო–ების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა. დაფინანსების არსებული ოდენობის შენარჩუნების ფონზეც კი არსებობს პრობლემა – მსხვილი დონორები უპირატესობას დიდი გრანტების გაცემას ანიჭებენ, რაც დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციათა რიცხვს ამცირებს.
შემოსავლების სხვა ფორმები მაგალითად: საწევრო, სამეწარმეო საქმიანობა, შემოწირულობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ვერ იქცა. წევრობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების რიცხვი საკმაოდ მცირეა საქართველოში, შესაბამისად მხოლოდ ამ ტიპის ორგანიზაციებისთვის შეიძლება იყოს საწევრო შენატანი შემოსავლის წყაროდ, თუმცა ისიც უმნიშვნელო წილით საერთო დაფინანსებაში. სამეწარმეო საქმიანობასაც ცოტა ორგანიზაცია ეწევა, რაც შეეხება შემოწირულობას – კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 6% სწირავს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რაც შეეხება იურიდიული პირების მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე შეწირული თანხის საერთო ოდენობას, იგი სოლიდურია. თუმცა სურათზე გავლენას ახდენს რამდენიმე საქველმოქმედო ფონდისთვის შეწირული თანხა, რომელიც მეტწილად სხვადასხვა პროფესიული (სპორტი, კულტურა) ორგანიზაციების, ფედერაციებისა და ფიზიკური პირების დახმარებისკენ არის მიმართული.)
რაც შეეხება სახელმწიფოსგან შემოსულობას (საგრანტო, სუბსიდია), სსო–ებისთვის გრანტის გაცემა სახელმწიფომ 2009 წლიდან დაიწყო, კვლევები აჩვენებს, რომ ამ მხრივ ბევრი ხარვეზია, იგი ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და სსო–ების განვითარებისკენ არ არის მიმართული. კვლევების თანახმად (1) არ არსებობს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების ერთიანი საკანონმდებლო სტანდარტი, მათ შორის, სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით; (2) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ აქვთ უფლება გასცენ გრანტი. ისინი სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, რომელიც თავისი არსით ჰგავს საგრანტო დაფინანსებას; (3) სახელმწიფო გრანტი შეზღუდული თემატური მიმართულებებით გაიცემა და სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მიღმა რჩება ბევრი მნიშვნელოვანი სფერო, მაგალითად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების უფლება დაცვითი საქმიანობა. ამ მსხვილი საკითხის რეფორმირება საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
წყარო:
საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფცია