2024 წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, იგივე „რუსული კანონის“ საფუძველზე შექმნილი რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესებს.
მანამდე, 29 ივლისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა ახალი ერთეული, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომელიც, მათ შორის, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის“ წარმოებასა და მის საჯაროობაზე იქნება პასუხისმგებელი.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი არ გეგმავს აღნიშნულ რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციასა და საფინანსო დეკლარაციის წარმოდგენას, რადგან მათი განცხადებით, ამას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან და მიმართულია ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ, თუმცა კანონის მოთხოვნები იმ ორგანიზაციებისთვისაც პრობლემური აღმოჩნდება, რომლებიც ამგვარ რეესტრში, შესაძლოა, რეგისტრაციას გეგმავენ.
იუსტიციის მინისტრის მიერ პირველ აგვისტოს გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფინანსო დეკლარაცია, რომელიც ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ, სხვა ვალდებულებებთან ერთად, ასევე ითხოვს დეტალურ საიდენტიფიკაციო მონაცემებს ორგანიზაციასთან ურთიერთობაში მყოფი ყველა ფიზიკური პირის შესახებ, რომელთა მიმართაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რაიმე ხარჯი გაწეულა. საგულისხმოა, რომ იგივე ეხება დამფინანსებელ ფიზიკურ პირებსაც. ეს ვრცელდება 2023 წლის მონაცემებზეც, რომელთა ახალი წესით შეგროვებაც ორგანიზაციათა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს.
აღნიშნული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, გამომდინარე ამ ინფორმაციის ოდენობისა და სენსიტიურობისა, ასევე დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზების აუცილებლობის გამო, ორგანიზაციათა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შესაძლოა წარმოადგენდეს ისეთი ტიპის სირთულეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ორგანიზაციათა ფაქტობრივი პარალიზება და შესაბამისად მუშაობის შეფერხება.
გარდა ამისა, სამომავლოდ მსგავსი დეტალიზაციის ინფორმაციის მოძიებამ, შესაძლოა, გააჩინოს ბენეფიციარებში პროცესისადმი უნდობლობა, რაც განსაკუთრებით დამაზიანებელი იქნება მომსახურების მიმწოდებელი და მოწყვლადი საზოგადოებრივი ჯგუფების თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ამ ორგანიზაციებს მუშაობაში.
საყურადღებოა ისიც, რომ „რუსული კანონი“ ერთთვიან ვადას აძლევს ორგანიზაციებს, რათა მათ მატერიალური ფორმით წარადგინონ წერილობითი განცხადება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ. ამის შემდეგ, 2 დღის ვადაში ორგანიზაცია დაიშვება „სათანადო ვებ-გვერდზე“, სადაც მან 10 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს განაცხადი, რაც ამავდროულად არის საფინანსო დეკლარაცია.
გამომდინარე აქედან, კანონი დეკლარაციის მომზადებისა და წარდგენისთვის, პრაქტიკულად ძალიან მცირე დროს, ერთ თვე-ნახევარს განსაზღვრავს (არასწორად ან/და არასრულყოფილად შევსებული განაცხადის ავტორი ვალდებულია ხარვეზი 10 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას). შედარებისთვის სამეწარმეო სუბიექტებისათვის ანგარიშგებისათვის, რაც "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონით რეგულირდება, 9 თვეა განსაზღვრული. საინტერესოა, ისიც, რომ სამეწარმეო სუბიექტების ანგარიშგების წესში ცვლილებების შემოღებისას, რაც, ცხადია, თავისი არსით განსხვავდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიისთვის შემოღებული ანგარიშგებისა, მოსამზადებელ პერიოდი ორი წელი გაგრძელდა, რა დროსაც სახელმწიფო ასევე ავრცელებდა ინფორმაციასა და ცოდნას არსებულ ცვლილებებზე.
საფინანსო დეკლარაციის შევსებისა და წარდგენისთვის შემჭიდროვებული ვადები დამატებით ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ორგანიზაციებისთვის და უარყოფითად აისახება მათ მუშაობაზე. გარდა ამისა, აღნიშნული შეზღუდვები მიუთითებს, რომ კანონის ამოქმედების მიზანს არა ორგანიზაციათა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არამედ მათი მუშაობის შეფერხება შეიძლება წარმოადგენდეს.
საბოლოოდ, აღნიშნული მოთხოვნები, მათ შორის არსებული და სამომავლო სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებასთან, ასევე შემჭიდროვებული ვადები, რომელშიც უნდა მოხდეს საფინანსო დეკლარაციის წარდგენა, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს სამოქალაქო სივრცის იმ აქტორების მუშაობაზე, რომლებიც ნებაყოფლობით რეგისტრაციას, ან სახელმწიფოს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ დეკლარაციის წარდგენას გეგმავენ, რაც, შესაძლოა, ამ საბოლოოდ მუშაობის შეჩერებითაც დასრულდეს.
აღნიშნული სირთულეები კიდევ უფრო მეტად აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საარსებო გარემოს და ართულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ადვოკატირებისა და მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას.