„მოწყალების დები“ – მათ შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, მხოლოდ რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი, რომელიც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ რამდენიმე წლის წინათ გამოაქვეყნა. ფოტოების ავტორი ერთ–ერთი მოწყალების დაა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, 1918 წლის 11 სექტემბერს დაფუძნდა წითელი ჯვრის ეროვნული ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოწყალების დების საზოგადოება. ორგანიზაციაში უამრავი ახალგაზრდა გაწევრიანდა, მათი უმეტესობა სტუდენტი იყო. 100 წლის წინათ, საქართველოს ოკუპაციის დროს, მათ ფრონტის წინა ხაზიდან დაჭრილები გამოჰყავდათ, მკურნალობდნენ, რამდენნი იყვნენ ან რა ბედი ეწიათ – უცნობია...
1921 წლის 17 თებერვალს წითელი ჯვრის ორგანიზაციაში მოხალისედ მარო მაყაშვილი გაწევრიანდა და სხვა მოწყალების დებთან ერთად კოჯრისკენ გაემგზავრა... 19 თებერვალს 19 წლის შესრულდა... ამ დღეს მუხლებზე დაყრდნობილი მარო ფეხზე ჭრილობას უხვევდა სტუდენტ პავლე ბეშკენაძეს, ეს დღე საბედისწერო აღმოჩნდა სტუდენტი ბეშკენაძეც და მარო მაყაშვილიც ფრონტზე დაიღუპნენ.
მარო მაყაშვილი პირველი ქალია, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირად აღიარეს.